2- წლიანი პაუზის შოლცი პუტინს ესაუბრა: რა დეტალები გასაჯაროვდა - "მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება"
შოლცმა მითხრა, რომ პუტინთან დარეკვას აპირებდა, მისი ზარი "პანდორას ყუთია", "მინსკი-3" არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
"ერთ-ერთ დღევანდელ ამბავზე. კანცლერი შოლცი მეუბნებოდა, რომ პუტინისთვის დარეკვას აპირებდა. ოლაფის ზარი, ჩემი აზრით, „პანდორას ყუთია“. ახლა შეიძლება სხვა საუბრები იყოს, სხვა ზარები.
უბრალოდ ბევრი სიტყვა. ეს სწორედ ისაა, რაც პუტინს დიდი ხანია სურს: მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია იზოლაციის, რუსეთის იზოლაციის შემცირება და ჩვეულებრივი მოლაპარაკებების წარმოება, რომლებიც არაფრით დასრულდება. ისე, როგორც ის ათწლეულების განმავლობაში აკეთებდა. ეს საშუალებას აძლევდა რუსეთს არაფერი შეეცვალა თავის პოლიტიკაში, არსებითად არაფერი გაკეთებინა და სწორედ ამან მიგვიყვანა ამ ომამდე.
ახლა გვესმის ეს ყველა გამოწვევა. ვიცით, როგორც ვიმოქმედოთ და გვსურს გავაფრთხილოთ: „მინსკი-3“ არ იქნება - რეალური მშვიდობა გვჭირდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
გერმანიის ფედერალური მთავრობის წარმომადგენლის, შტეფენ ჰებეშტრაიტის განცხადებით, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს სატელეფონო საუბრისას უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტისკენ და ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა.მისივე ინფორმაციით, შოლცმა „დაგმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დამპყრობლური ომი და მოუწოდა პუტინს შეწყვიტოს ის და ჯარები გაიყვანოს“.
"ფედერალური კანცლერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რუსეთი მზად უნდა იყოს უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის მისაღწევად და ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ ერთგულებას მხარი დაუჭიროს უკრაინას სამშვიდობო პროცესში”, - განაცხადა ჰებეშტრაიტმა.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ პუტინთან საუბარში შოლცმა ხაზი გაუსვა გერმანიის ურყევ მზადყოფნას იმდენ ხანს გააგრძელოს რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის მხარდაჭერა, რამდენიც საჭირო იქნება.
ცნობისთვის, ოლაფ შოლცი თითქმის 2- წლიანი პაუზის შემდეგ, დღეს პირველად ესაუბრა ვლადიმერ პუტინს.