ვის შეეხება მასობრივი დეპორტაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველებმა?
6 ნოემბერს აშშ-ში საპრეზიდენტო რბოლა ორ ძირითად კანდიდატს - დონალდ ტრამპსა და კამალა ჰარისს შორის, ტრამპის გამარჯვებით დასრულდა.
ხმების დათვლას თან მსოფლიო მღელვარება, ამომრჩეველთა ცრემლები, გამარჯვების შეძახილები და ჰარისის მომხრეთა იმედგაცრუება ახლდა თან. მათ შორის ყველაზე დამწუხრებულები იყვნენ აშშ-ში მცხოვრები უსაბუთო მიგრანტები, რომლებიც ამ კუთხით, ტრამპის მკაცრი პოლიტიკის გატარებას ელოდებიან.
ტრამპის წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, ქვეყნიდან 1 მილიონი მიგრანტის დეპორტაცია იგეგმება.როგორც მედია წერს, ტრამპი გეგმავს გამოიყენოს 1798 წლის ომის დროინდელი დებულება, რომელიც ცნობილია როგორც უცხო მტრების აქტი, რათა სწრაფად მოხდეს სავარაუდო ბანდის წევრების დეპორტაცია, ქმედება, რომელიც, სავარაუდოდ, გასაჩივრდება სასამართლოში. ცოტა ხნის წინ კი მან დაადასტურა, რომ მასობრივი დეპორტაციისთვის სამხედროებს გამოიყენებს.
რისკის ქვეშ არიან აშშ-ში არალეგალურად მყოფი ქართველი ემიგრანტებიც. “საზღვრის მეფედ“ წოდებულმა, ტომ ჰომანმა, რომელიც ტრამპმა შეერთებული შტატების იმიგრაციისა და საბაჟო აღსრულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე წარადგინა, მთელი რიგი ღონისძიებები დააანონსა.
ოგორც ცნობილია, პირველ რიგში “დიდ წმენდაში“ მოჰყვებიან კრიმინალური ქეისის მქონე არალეგალი მიგრანტები. თუმცა, ადმინისტრაციის ოფიციალურად დამტკიცებამდე, უცნობია, საბოლოო ჯამში კონკრეტულად რა სახის ღონისძიებები გატარდება.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი იურისტის, მარიტა მაზანიშვილის თქმით, ქართველ მიგრანტებს ჯერ კიდევ აქვთ დრო მიმართონ იურისტებს, მოაწესრიგონ საბუთები და თავიდან აიცილონ დეპორტაციის რისკი.
მარიტა მაზანიშვილი ამერიკის სამართლის სისტემას სწავლობს. ნიუ-იორკში საემიგრაციო კუთხით მუშაობს და ქართველ ემიგრანტებს ბიუროკრატიულ “ჯუნგლებში“ გზის გაკვალვაში ეხმარება.
საემიგრაციო სასამართლოს თარჯიმანი AMBEBI.GE-ს მოლოდინებზე და იმ განწყობებზე ესაუბრა, რომელიც აშშ-ში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს აქვთ.
- როგორია აშშ-ში მცხოვრები ქართველების განწყობა-მოლოდინები ტრამპის მოსალოდნელ პოლიტიკასთან დაკავშირებით?
- მოსალოდნელ საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ქართველების უმრავლესობას ნეგატიური მოლოდინები აქვს. ზუსტად არავინ იცის რა ცვლილებები შევა ძალაში და ეს გაურკვევლობა ყველას აშინებს.
ახალი ადმინისტრაცია საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს, რაც გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სავარაუდოდ, მოიცავს, პირველ რიგში, კრიმინალური ისტორიის მქონე ადამიანების დაჩქარებულ დეპორტაციას და ასევე, იმ ადამიანების დეპორტაციას, რომელთა წინააღმდეგაც უკვე არსებობს სასამართლოს მიერ გამოცემული დეპორტის გადაწყვეტილება, რომელიც პრაქტიკაში არ აღსრულებულა. ახალი ადმინისტრაცია 20 იანვარს იწყებს საქმიანობას. ყველა ელოდება ამ თარიღს, რომ ვიცოდეთ როდიდანაც დაიწყება ახალი საემიგრაციო პოლიტიკის ამოქმედება.
- რას ურჩევდით მანდ მყოფ ქართველ მიგრანტებს... რა შეუძლიათ გააკეთონ, რომ თავიდან აიცილონ დეპორტაცია?
- ზოგადად, ყველა ემიგრანტს რომელიც იმყოფება ამერიკაში და ჯერ არ დაუწყია საემიგრაციო პროცესი სამართლებრივი კუთხით. თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებსაც ჯერ არ მოუთხოვიათ თავშესაფარი, ვურჩევდი რომ კონსულტაცია გაიარონ კვალიფიციურ ადვოკატთან და მიიღონ შესაბამისი იურიდიული მომსახურება.
არსებული საემიგრაციო პოლიტიკის პირობებში, თავშესაფრის მაძიებელს ენიშნება სასამართლო პროცესი, სადაც აქვს უფლება რომ მოსამართლისა და პროკურორის წინაშე, ადვოკატის დახმარებით დაიცვას თავისი პოზიცია მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მიიღოს თავშესაფარი ამერიკის სახელმწიფოსგან. იხილეთ სრულად