კანდიდატი TikTok -დან, რომელმაც რუმინეთში, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური მოიგო- ვინ არის კელინ გეორგესკუ?
რუმინეთში ჩატარებულმა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა შოკში ჩააგდო ეს ქვეყანაც და მისი ევროპული მოკავშირეებიც. ყველასთვის მოულოდნელად არჩევნების პირველ ტურში პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე, პრორუსი კანდიდატი. ხმათა 99%-ის დათვლის შემდეგ, ულტრანაციონალისტი კელინ გეორგესკუ 23%-იანი მხარდაჭერით პირველია, 19,14%-ით მეორე ადგილზეა და მეორე ტურში იბრძოლებს მემარჯვენე-ცენტრისტი კანდიდატი ელენა ლასკონი, რუმინეთის გადარჩენის კავშირიდან, მე-3 ადგილზე სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარსელ ჩოლაკუ გავიდა, რომელიც არჩევნებამდე ფავორიტად მიიჩნეოდა.
მეორე ტურში გეორგესკუს მოწინააღმდეგე ვინ იქნებოდა, სულ 2000-მა ხმამ გადაწყვიტა.
62 წლის გეორგესკუს შედეგი განსაკუთრებით მოულოდნელია იმის გათვალისწინებით, რომ მას არ ჰყავს პარტია და მისი კამპანია სრულად TikTok პლატფორმაზე წარიმართა.მისი პროგრამა მოუწოდებს რუმინეთს რადიკალური ტრანსფორმაციისკენ, რომელიც დაფუძნებულია მცირე მასშტაბის ორგანულ სოფლის მეურნეობაზე, ქრისტიანულ ღირებულებებსა და ეროვნულ სუვერენიტეტზე.
მისი თქმით, ის დაასრულებს საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, მათ შორის ნატოსა და ევროკავშირისადმი რუმინეთის მორჩილებას.
პრეზიდენტის პოსტი რუმინეთში მნიშვნელოვანია, მას საგარეო პოლიტიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. რუმინეთი იყო და რჩება აშშ-ს მტკიცე მოკავშირედ და ნატოს წევრ ქვეყნად, სადაც განლაგებულია აშშ-სა და ნატოს ბაზები, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ როლს ასრულებენ მეზობელ უკრაინაში ომის მიმდინარეობაში.
დასავლეთის მნიშვნელოვანი სამხედრო მხარდაჭერა უკრაინაში გადის რუმინეთზე. იხილეთ სრულად