ვინ მოიწვია ტრამპმა ინაუგურაციაზე და ვინ აფინანსებს ძვირადღირებულ ღონისძიებას - 10 რამ, რაც ამ დღის შესახებ უნდა იცოდეთ
The Guardian ქვეყნებს გზამკვლევს იმის შესახებ, თუ რა უნდა ვიცოდეთ იმ დღეზე, როდესაც ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდება. აღნიშნული საკითხები მოიცავს როგორც ფიცის დადებას, ასევე დამსწრე პირებს და სხვ.
ორშაბათს ვაშინგტონში აშშ-ს 45-ე და 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. ეს იმავე კაპიტოლიუმის საფეხურებზე მოხდება, სადაც მან პირველად ფიცი 8 წლის წინ დადო.
მხარდამჭერებისა და პროტესტანტების უზარმაზარი ბრბოს წინაშე ტრამპი კვლავ დადებს ფიცს - ბევრის აზრით, ეს გასაოცარი პოლიტიკური შემობრუნების აღნიშვნა იქნება.
ამ სტატიაში მოცემულია ის ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ინაუგურაციის განრიგის, დამსწრეებისა და ზეიმის შესახებ. თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:
- როდის იმართება ინაუგურაცია და სად დადებს ფიცს ტრამპი?
აშშ-ს კონსტიტუცია მცირე ხარისხით თუ განაგებს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის დეტალებს - ის პასუხისმგებელია მხოლოდ ცერემონიის თარიღსა და დროზე და მოკლე, 35-სიტყვიან ფიცზე. თუმცა, წლების განმავლობაში, ღონისძიებას ბევრი ცერემონია დაემატა, რომელსაც მომავალი პრეზიდენტი მიესალმა. ვითარება განსხვავებული იყო ბაიდენის 4 წლის წინანდელი ინაუგურაციისას, რომელიც Covid პანდემიის მიმდინარეობისას და 6 იანვრის აჯანყების მცდელობის შემდეგ გაიმართა.
იმ ღონისძიებას ტრამპმა ბოიკოტი გამოუცხადა; ამჯერად, ეს ასე არ არის. მან თეთრი სახლის ბრძანებაც გააპროტესტა, რომ ჯიმი კარტერის გარდაცვალების შემდეგ, 30 დღის განმავლობაში, კაპიტოლიუმის დროშები ნახევარ ანძაზე უნდა ფრიალებდეს. ინაუგურაციის განმავლობაში ისინი დროებით აიწევა.
ტრამპი 20 იანვარს დადებს ფიცს - მარტინ ლუთერ კინგის დღეს, რაც ამერიკის ისტორიაში მხოლოდ მესამე ასეთი დამთხვევაა ობამას 2013 წლისა და კლინტონის 1997 წლის ინაუგურაციების შემდეგ.
სიტყვებით გამოსვლა ადგილობრივი დროით დაახლოებით 11:30 საათზე დაიწყება.
მოსამართლე ჯონ რობერტსი ფიცს კაპიტოლიუმის დასავლეთ ფასადზე მიიღებს, სადაც ტრამპი ბიბლიას ხელს დაადებს და 35-სიტყვიან საპრეზიდენტო ფიცს წარმოთქვამს: "მე საზეიმოდ ვფიცავ, რომ კეთილსინდისიერად შევასრულებ აშშ-ს პრეზიდენტის თანამდებობას და ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში დავიცავ და შევინარჩუნებ აშშ-ს კონსტიტუციას."
მისი თანამებრძოლი, ოჰაიოს სენატორი ჯეი დი ვენსი, რამდენიმე წუთით ადრე ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნება.
- როგორ ვადევნოთ თვალ-ყური ინაუგურაციას აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში და მსოფლიოში?
Guardian-ი თავის YouTube-ის არხზე ცერემონიას პირდაპირ ეთერში გადმოსცემს. ამასთან, აშშ-ში ყველა მთავარი საინფორმაციო ქსელი პირდაპირ ეთერში აჩვენებს ტრამპის გამოსვლას და მოვლენას მთელი დღის განმავლობაში გააშუქებს. CBS, CSPAN და PBS ტრამპის გაპრეზიდენტებას ასევე პირდაპირ ეთერში, YouTube-ზე გადასცემენ.
გაერთიანებულ სამეფოში ინაუგურაცია გადაიცემა BBC One-ზე და iPlayer-ზე, ისევე, როგორც Sky News-ზე, ITV-ზე და Channel 4-ზე.
CSPAN-ის YouTube სტრიმი ხელმისაწვდომია მსოფლიოს მრავალ რეგიონში. ცერემონიას შეგიძლიათ უყუროთ თეთრი სახლის ვებ-საიტზეც, რომელიც გლობალურად ხელმისაწვდომ პირდაპირ ტრანსლაციას უზრუნველყოფს.
- როდის არის ტრამპის საინაუგურაციო მიმართვა და რას იტყვის ის?
ფიცის დადებას საინაუგურაციო მიმართვა მოსდევს. 2017 წელს ტრამპმა ისაუბრა "ამერიკულ ხოცვა-ჟლეტაზე" და დღის წესრიგისთვის წარმოადგინა თავისი ხედვა "ამერიკა უპირველეს ყოვლისა". 16-წუთიანმა გამოსვლამ აშშ-ს შემზარავი ხედვა შესთავაზა - ტრამპმა დაიფიცა, რომ ამერიკელი ხალხისთვის, ძალაუფლებას თავიანთი ინტერესებისთვის მოქმედი პოლიტიკოსებისგან აუცილებლად დაიბრუნებდა.
უნდა ველოდოთ, რომ ტრამპი ისაუბრებს რამდენიმე პოლიტიკურ ინიციატივაზე, რომელთა დაუყოვნებლივ განხორციელების პირობაც თანამდებობაზე არჩევისთანავე დადო, მათ შორისაა სამხრეთ საზღვრის დახურვა; დაწყება იმისა, რასაც ის აშშ-ს ისტორიაში უდიდეს დეპორტაციის ოპერაციას უწოდებს; და 6 იანვრის იმ აჯანყებულების შეწყალება, ვინც უკვე დაპატიმრებულები არიან ან ვისზეც სასამართლო პროცესები ამჟამად მიმდინარეობს. იხილეთ სრულად