აშშ ტოვებს WHO-ს და კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებას, ასევე მარსზე ასტრონავტების გაგზავნისათვის იწყებს მზადებას - ტრამპის საგარეო პოლიტიკური გზავნილები და პირველი ბრძანებულებები
20 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ თეთრ სახლში დაბრუნებულმა ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა რამდენიმე ბრძანებულებას, მათ შორის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მათ შორის თავისი ხელმოწერით გააუქმა წინამორბედი პრეზიდენტის, დემოკრატი ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება. დონალდ ტრამპმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციიდან შეერთებული შტატების გასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2020 წელს მიიღო. ტრამპის გადაწყვეტილება 2021 წელს გააუქმა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
თეთრ სახლში 20 იანვარს დაბრუნებულმა ტრამპმა ორგანიზაციიდან აშშ-ის გასვლა ახსნა COVID-19-ის პანდემიის დროს WHO-ს არასწორი ქმედებებით, ორგანიზაციის უუნარობით ჩაატაროს საჭირო რეფორმები და სხვა ქვეყნებთან შედარებით აშშ-ის უსამართლოდ მაღალი საწევრო გადასახადით. როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, WHO აშშ-ს ვეღარ გაძარცვავს.
2020 წელს ტრამპი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ბრალს სდებდა ჩინეთის ძალისხმევის ხელშეწყობასა და COVID-ის წარმომავლობის შესახებ მსოფლიოს შეცდომაში შეყვანის მცდელობაში. WHO ამას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ ჩინეთზე დღემდე ახდენს ზეწოლას COVID-ის შესახებ მონაცემების მისაღებად.
დონალდ ტრამპმა ასევე ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აშშ ტოვებს კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებასაც. ეს საერთაშორისო შეთანხმება გლობალურ დათბობასთან ბრძოლას ითვალისწინებს.
ტრამპმა ამ შეთანხმებაზე უარი თქვა პრეზიდენტობის პირველ ვადაშიც. მისი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ბაიდენმა შეცვალა და 2021 წელს აშშ პარიზის შეთანხმებაში დააბრუნა.
ტრამპის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით პირველ ნაბიჯებზე საკუთარ მოსაზრებას გვიზიარებს ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი კობერიძე."ტრამპმა საგარეო პოლიტიკის მიმართულებით რამდენიმე ბრძანებულებას მოაწერა ხელი. მათ შორის:
კუბა კვლავ გამოცხადდა ტერორიზმის ხელშემწყობ სახელმწიფოდ. შესაბამისად, აშშ-ს ფოკუსი თავის სამეზობლოში კონტროლის დაბრუნებაზე იქნება მიმართული. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ კუბური წარმოშობის კომუნიზმის მოძულე მარკო რუბიო სენატის სრული მხარდაჭერით დამტკიცდა სახელმწიფო მდივნად, ეს კიდევ უფრო მძიმე რეალობას ქმნის კუბის რუსულ-ჩინური მოკავშირე რეჟიმის წინააღმდეგ.
აშშ-მა დასავლეთ ნაპირზე (პალესტინა) ებრაული ახალშენების დაარსებიდან გამომდინარე დაწესებული სანქციები მოუხსნა ისრაელს. ეს ისრაელისათვის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა, რადგან სამომავლოდ პალესტინისათვის მოაზრებულ ტერიტორიაზე დამატებითი ახალშენების აშენების მოტივაცია შეიძლება გახდეს და დააჩქაროს კიდეც. ეს კი საბოლოო მოლაპარაკებებს კიდევ უფრო გაართულებს, მაგრამ ვარაუდი, რომ ტრამპი გამორჩეულად ისრაელის მხარდამჭერ პოზიციას დაიკავებდა, დასტურდება.
აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) დატოვებას იწყებს. ტრამპი ორგანიზაციას ჩინეთის სასარგებლო მოქმედებებში ადანაშაულებდა.
აშშ მარსზე ასტრონავტების გაგზავნისათვის იწყებს მზადებას. ეს სამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ:
1. ახალი კოსმოსური შეჯიბრის დასაწყისი აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს შორის;
2. პოტენციური რესურსების ძიების მცდელობა დედამიწის მიღმა;
3. ილონ მასკის ტრამპის ადმინისტრაციაში ყოფნა რომელსაც თავისი ინტერესები და კოსმოსური პროგრამა აქვს.
ტრამპმა განაცხადა რომ უკრაინის პრეზიდენტს მოლაპარაკებებისათვის მზაობა და სურვილი აქვს. ცხადია ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთის იძულებაც უნდა შეიქმნას მოლაპარაკებების წარმართვისათვის. ეს კი ჯერჯერობით მხოლოდ ზედაპირულად არსებობს და რუსული პრესა აჭრელებულია ფრაზებით ნუ შეიქმნით წინასწარ მოლოდინებს ტრამპთან მიმართებითო. მოწინააღმდეგის ნებისმიერ მოლაპარაკებაზე იძულება კი უკრაინისათვის იარაღის მიწოდების გარეშე ვერ მოხდება. მედვედევმა გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ მას არ ადარდებს აშშ-ს ადმინისტრაცია რას იზამს, რუსეთს შეიძლება სულაც არ სჭირდებოდეს აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენაო. ვნახოთ. ამ მიმართულებით ყველაფერი წინაა.
ტრამპი გამოვიდა გარემოს დაცვის პარიზის შეთანხმებიდან, რაც აშშ-ს შიდა ინდუსტრიალიზაციის ხელშესაწყობად სჭირდება, თუმცა გლობალურად კლიმატის ცვლილებებისადმი კონტროლსა და მწვანე პოლიტიკის მნიშვნელობას ამცირებს ამით.
ვენესუელას დიქტატორი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოწინააღმდეგე ნიკოლას მადურო აშშ-ს ახალ ადმინისტრაციას ემუქრება და პუერტო რიკოს (აშშ-ს ტერიტორია) დაკავებას აანონსებს თუკი ტრამპი არ შეიცვლის მისდამი დამოკიდებულებას. ცხადია ეს ყველაფერი ღიმილისმომგვრელია, მაგრამ საინტერესოა როგორი იქნება ტრამპის პასუხი, რომელიც მადუროს რეჟიმს არ აღიარებს და მის დამხობას წინა ვადის დროსაც ცდილობდა.
ტრამპი გეგმავს მექსიკური ნარკოკარტელების ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას. ეს კი აშშ-ს იმის სარჩულს შეუქმნის რომ, საჭიროების შემთხვევაში, იერიშები მიიტანოს მექსიკის ტერიტორიაზე.
ჯერჯერობით ნატოს საკითხზე ნაბიჯი არ გადადგმულა, მაგრამ ტრამპის დაანონსება, რომ მას წევრი ქვეყნების მხრიდან სამხედრო ბიუჯეტის მკვეთრი ზრდა სურს, შეიძლება გრძელვადიან პოზიტიურად აისახოს ალიანსის მომავალზე, მაგრამ თავდაპირველად გარკვეული წნეხისა და შიდა დაძაბულობის შექმნა ხდება ამით. ამით კი, საწყის ეტაპზე, მოკავშირეთა შორის ნდობა ირყევა. საინტერესო ტრამპის მოლაპარაკებების სტილია - იგი საჯაროდ განიხილავს იმას, რაც დახურულ კარს მიღმა ხდება ხოლმე. ამით კი მიზნის მისაღწევად წნეხის გაზრდას ახორციელებს ხოლმე.
ნატოს საკითხი მაინც ღიაა. ტრამპს აშკარა რეფორმა სურს ამ მიმართულებით და უნდა ნატოს ერთადერთი დღის წესრიგი ვაშინგტონში დგებოდეს.
ტრამპის მოსვლას ევროკავშირში ფრთხილად ხვდებიან და სასწრაფო რეფორმების აუცილებლობას იაზრებენ, ისევე როგორც ხელახალი მილიტარიზაციის მნიშვნელობას. დიდი ბიუროკრატიული მექანიზმის პირობებში ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ აუცილებელია", - წერს ის სოციალურ ქსელში.