ვინ იყო "ადამიანი სპილო"? - იშვიათმა დაავადებამ ის ჯერ ცირკის მასხრად აქცია, მერე კი - ინგლისის ბომონდის რჩეულად
ამ ადამიანის შესახებ მსოფლიომ 1980 წელს დევიდ ლინჩის მიერ გადაღებული ფილმით შეიტყო, მანამდე, ძირითადად მშობლიურ ინგლისში ჰყვებოდნენ მასზე მითებს - ადამიან-სპილოზე.
"მახინჯი" ცირკიდან
ჯოზეფ კერი მერიკი 1862 წლის 5 აგვისტოს დაიბადა ლესტერში, ინგლისში. უფროსი იყო მერი ჯეინ მერიკისა და ჯოზეფ როკლი მერიკის, მუშების ოჯახში. როცა მისმა მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს, დედამისი მოახლედ მუშაობდა, მამა კი მეეტლე იყო. ჯოზეფის ბიოგრაფიის მიხედვით, დედამისს მცირე შეზღუდული შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა კონკრეტულად რა ტიპის, არ არის დაზუსტებული. წყვილი მალე დაქორწინდა და ერთ წელიწადში გაუჩნდათ შვილი, რომელსაც მამის პატივსაცემად ჯოზეფი დაარქვეს, მეორე სახელი კი - კერი - ბაპტისტი მისიონერის უილიამ კერის პატივსაცემად ერგო. ჰყავდა უმცროსი და-ძმა, რომელთაგან ერთი ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა სახადით, უმცრისი და კი ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობების იყო და ლოგინს მიჯაჭვული.
ავტობიოგრაფიაში მერიკი ჰყვება, რომ სიმახინჯის განვითარება ხუთი წლისას დაეწყო. 1873 წელს, როცა დედამისი 36 წლის გარდაიცვალა ბრონქოპნევმონიით, ხოლო მამამ სხვა ქალზე იქორწინა, ჯოზეფის სხელის დეფორმაცია უკვე გაღრმავებული იყო და დედინაცვალმა არ ისურვა მისი შინ დატოვება. ბიჭი სახლიდან გაუშვეს და თამბაქოს ფაბრიკაში დაიწყო მუშაობა, თუმცა მარჯვენა ხელის პროგრესირებადი დეფორმაციის გამო დიდხანს ვერ შეძლო მუშაობა და მალე წამოვიდა იქიდან. მცირე ხანს ქუჩაში მოუწია ცხოვრება, თან გამუდმებით განიცდიდა თავდასხმებს და ჩაგვრას ადგილობრივ მცხოვრებთაგან, განსაკუთრებით კი - ბავშვებისგან. იხილეთ სრულად