ცუკერბერგს შესაძლოა "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულონ: რას ედავება მას ანტიმონოპოლიური სასამართლო? - მედიის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება
ანტიმონოპოლიურმა სასამართლო პროცესმა შესაძლოა, მარკ ცუკერბერგს "ინსტაგრამის" გაყიდვა აიძულოს.
სოციალური მედიის გიგანტ Meta-ს წინააღმდეგ საქმეზე სასამართლო პროცესი ვაშინგტონში დღეს იწყება.
აშშ-ის კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოს განცხადებით, Meta-მ, რომელიც უკვე ფლობდა Facebook-ს, კონკურენციის აღმოსაფხვრელად 2012 წელს Instagram, ხოლო 2014 წელს WhatsApp შეიძინა, რითაც ,ფაქტობრივად, მონოპოლია დაამყარა.
ეს შესყიდვები ფედერალურმა სავაჭრო კომისიამ (FTC) განიხილა და დაამტკიცა, მაგრამ ვალდებულება აიღო, შედეგებისთვის მონიტორინგი გაეწია. თუ FTC საქმეს მოიგებს, მას შეუძლია, აიძულოს Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი, მარკ ცუკერბერგი, გაყიდოს როგორც Instagram, ასევე - WhatsApp.
Meta-მ ადრე განაცხადა, რომ დარწმუნებული იყო, რომ საქმეს მოიგებდა. როგორც ექსპერტებმა BBC-სთან საუბრისას აღნიშნეს, კომპანია, სავარაუდოდ, ეცდება დაასაბუთოს, რომ Instagram-ის მომხმარებლებს უკეთესი გამოცდილება აქვთ მას შემდეგ, რაც ის Meta-მ იყიდა.
"FTC-ის არგუმენტი არის ის, რომ Instagram-ის შეძენა Facebook-ისთვის მზარდი კონკურენტული საფრთხის ნეიტრალიზების გზა იყო", - ამბობს რებეკა ჰოუ ალენსვორთი, ვანდერბილტის სამართლის სკოლის ანტიმონოპოლიური სამართლის პროფესორი.
მისივე თქმით, ცუკერბერგის სიტყვები, მათ შორის მისი ელ-ფოსტიდან, შეიძლება, სასამართლოზე ყველაზე დამაჯერებელ მტკიცებულებად იქცეს.
"მან თქვა, უკეთესია შეძენა, ვიდრე კონკურენციის გაწევაო. ამაზე პირდაპირი განცხადების პოვნა ძნელია", - აღნიშნავს ალენსვორთი.
Meta, თავის მხრივ, შეეცდება დაასაბუთოს, რომ ანტიმონოპოლიურ საქმეში განზრახვის ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არ არის.
Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ცუკერბერგმა პირადად ტრამპს სთხოვა ლობირება იმისთვის, რომ FTC-ს საქმე შეეწყვიტა.
როდესაც BBC-მ ამ ინფორმაციის დადასტურება სთხოვა, Meta-მ თავი აარიდა კითხვას, მაგრამ განცხადებაში აღნიშნა: "FTC-ის სარჩელები Meta-ს წინააღმდეგ ეწინააღმდეგება რეალობას".
ცუკერბერგსა და ტრამპს შორის ურთიერთობები ცივი იყო, ნაწილობრივ იმიტომ, რომ აშშ-ს კაპიტოლიუმში, 2021 წლის იანვარში მომხდარი არეულობის შემდეგ, ტრამპს Meta-ს სოციალური მედიის პლატფორმებზე წვდომა აეკრძალა.
მას შემდეგ ურთიერთობა გარკვეულწილად დათბა. Meta-მ ტრამპის ინაუგურაციის ფონდში 1 მილიონი დოლარი შეიტანა და იანვარში გამოაცხადა, რომ UFC-ის ბოსი დანა უაითი - ტრამპის ახლო მოკავშირე, მის დირექტორთა საბჭოს შეუერთდებოდა.
FTC-ის წარმომადგენლებმა ცუკერბერგის ლობისტური ძალისხმევის შესახებ ბოლოდროინდელი ცნობების გამო შეშფოთება გამოხატეს.
"ვიმედოვნებ, პოლიტიკური ჩარევა არ იქნება," - განუცხადა ერთ-ერთმა მათგანმა BBC-ს.