
ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.
ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ "ყველაფერი მზად ზაფხულისთვის იქნება".
"რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის. ამისთვის დაახლოებით საჭიროა 3-4 თვეა საჭირო", - განაცხადა ევრამოპულოსმა.
მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესება ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებისა და ეკონომიკური, ბიზნეს, კულტურული და სხვა სახის კავშირების გაღრმავებას.
ავრამოპულოსმა ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების ვიზიტის პირობების დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისთვის ბიომეტრიული პასპორტი იქნება საჭირო. ამასთანავე, დიმიტრის ავრამოპულოსმა ხაზი გაუსვა, რომ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმი არ გულისხმობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში დასაქმების საშუალებას.
ევროკომისარმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე პროგრესის მიღწევის საქმეში საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაუსვა ხაზი. დიმიტრის ავრამოპულოსმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის საბჭო და ევროკომისია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ.
დიმიტრის ავრამოპულოსის პრესკონფერენციამდე რამდენიმე საათით ადრე ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად საქართველო იმ ქვეყნების სიაში გადავა, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზიტისთვის ვიზა აღარ დასჭირდებათ.