ე.წ სამხრეთ ოსეთი რომში "ოფიციალურ წარმომადგენლობას" გახსნის
ე.წ სამხრეთ ოსეთი რომში "ოფიციალური წარმომადგენლობის" გახსნას გეგმავს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, როგორც იტალიასა და სან-მარინოში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო წარმომადგენელმა მაურო მურჯამ განაცხადა, ე.წ მისიის ოფისი კერძო პირის სახლში განთავსდება მისი მფლობელის კეთილი ნების შედეგად. მისივე თქმით, ე.წ. წარმომადგენლობის გახსნის ცერემონიალი დღეს გაიმართება და მას დაესწრებიან დიპლომატები რუსეთიდან, ვენესუელიდან და ნიკარაგუადან.
როგორც მურჯამ განაცხადა, ე.წ სამხრეთ ოსეთს სურს პალესტინის ავტონომიის გამოცდილების გაზიარება, რომელსაც საკუთარი მისია რამდენიმე ქვეყანაში ჰყავს. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე გაავრცელა.
"იტალიის ოფიციალურმა წარმომადგენებმა გაიგეს სამხრეთ ოსეთის მისიის გახსნის შესახებ გეგმები. ამასთან დაკავშირებით იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ იტალია, ისევე როგორც ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნები და გაერო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობა, არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. იტალია მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას", - წერია იტალიის საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე განცხადებით, ე.წ სამხრეთ ოსეთის არც წარმომადგენლობა და არც მისი ხელმძღვანელი დიპლომატიური სტატუსით ვერ ისარგებლებს იტალიაში.