მაგდა პაპიძის საქმე და ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი
31 მარტს, ქმარ-შვილის მკვლელობაში ბრალდებულმა მაგდა პაპიძემ სასამართლო პროცესზე მოითხოვა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ, შესაბამისად მოსამართლის თანხმობით, პაპიძის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დაინიშნა, თუმცა, იქამდე საჭიროა შესაბამისი პროცედურების გავლა, კერძოდ ნაფიცი მსაჯულების შერჩევის ეტაპები და საბოლოოდ მათი ამ პროცესში ჩართვა.
საქართველოში ნაფიც მსაჯულებს სულ რამდენიმე საქმე აქვთ განხილული, ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტზე ALLNEWS.GE იურისტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემა 2008 წლის საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მცირე დანაშაულებებზე დაიწყო, თუმცა 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა. ვერ ვიტყვით, რომ ისინი ბევრ საქმეში მონაწილეობდნენ. ნაფიც მსაჯულთა ჩართვა სასამართლო პროცესში საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, შეიძლება ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ერთი ეტაპი წარმატებით დასრულდეს, მეორე ეტაპი ახლიდან დაიწყოს და ა.შ.
- რა შემთხვევაში განიხილება საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით?
- როგორც წესი, მძიმე კატეგორიის დანაშაულებზე ერთვებიან ნაფიცი მსაჯულები, როგორიც არის მაგალითად, მკვლელობის მცდელობები. სანამ უშუალოდ მსაჯულთა შერჩევის პროცედურები იწყება, გადამწყვეტია ბრალდებულის პოზიცია. მისი თანხმობის გარეშე, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერ შედგება, თვითონ სასამართლო სთავაზობს ბრალდებულს, ხომ არ აქვს სურვილი, რომ მისი საქმე გადაეცეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
- რამდენი მსაჯულისაგან შედგება ნაფიც მსაჯულთა სასამართლო?
- ნაფიც მსაჯულთა სასამართლო 12 ძირითადი და 2 სათადარიგო მსაჯულისგან შედგება. არ უნდა იყოს 6-ზე ნაკლები მსაჯული. როგორც წესი, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე არის 6 მსაჯული, მძიმეზე - 8, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე 10.
- ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული და როგორ ხდება მათი შერჩევა?
- სამოქალაქო რეესტრის სიაში არსებული 18 წელს ზევით მოქალაქე. კანონით განსაზღვრულია, რომ ნაფიცმსაჯულობა ყველა მოქალაქის ვალდებულებაა, გარდა, იურისტისა, ფსიქოლოგის, გამომძიებლის და ა.შ. ნაფიცი მსაჯულები შეირჩევიან კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესაბამისად შედგენილი სიიდან, ეს არის ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გაფილტრული სია, რომელიც გადაეცემა სასამართლოს. ამ სიიდან 50 კაცს არჩევს მოსამართლე და წარუდგენს მხარეებს, რომლებიც გადიან აცილების ეტაპს, ამის შემდეგ აირჩევა 12 ძირითადი ნაფიცი მსაჯული და 2 სათადარიგო.
თეა ბეჟიტაშვილი