
არჩევნებამდე დარჩენილ დროში, პარლამენტმა შესაძლოა, არსებული საარჩევნო მოდელის შეცვლა და ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემის ამოქმედება შეძლოს.
პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი "რესპუბლიკელების" მიერ უკვე ინიცირებულია.
თუ კანონპროექტი ხმების უმრავლესობას მოაგროვებს, "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებები განხორციელება.
თუმცა სანამ ე.წ. გერმანული მოდელის უპირატესობას გავიგებდეთ, დღეს არსებულ საარჩევნო სისტემაზე Allnews.ge იურისტს, ლევან ალაფიშვილს ესაუბრა.
"დღეს საქართველოში მოქმედებს შერეული საარჩევნო სისტემა. კერძოდ, პარლამენტი შედგება, როგორც ცალკე აღებული პროპორციული, ასევე ცალკე აღებული მაჟორიტარული წესით არჩეული პარლამენტის წევრებისგან.
განსხვავება ამ ორს შორის გახლავთ ის, რომ პროპორციულის შემთხვევაში საარჩევნო ბლოკი ან პარტია წარადგენს ერთიან სიას და დაგროვებული ხმების შესაბამისად, უკვე ხდება მანდატების განაწილება.
მნიშვნელოვანია, რომ ესა თუ ის პარტია ხმებს აგროვებს არა ცალკე აღებულ რომელიმე ადმინისტრაციულ ერთეულში, არამედ მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ საქართველო არის ერთი მთლიანი ოლქი.
"მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შემთხვევაში, ამომრჩეველი ხმას აძლევს არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას, არამედ კონკრეტულ ერთ ადამიანს, რომელიც შეიძლება იყოს წარდგენილი პარტიის მიერ და ამავე დროს, შეიძლება იყოს წარდგენილი საინიციატივო ჯგუფის მიერ", - ამბობს ლევან ალაფიშვილი.
იურისტის თქმით, დღეს მოქმედი საარჩევნო სისტემის "ხიბლი" არის პრინციპი - "გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი".
"სხვათაშორის ეს მხოლოდ ქართული რეალობის ნაკლი არ არის. სისტემა, სადაც გამარჯვებულს მიაქვს მანდატების უდიდესი ნაწილი, ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკურ ცხოვრებაში ადეკვატურად არ არის წარმოდგენილი ე.წ. უმცირესობაში მყოფი ან სხვაგვარი გადაწვეტილების მიმღები ამომრჩეველი".
კითხვაზე, რას გულისხმობს და რით განსხვავდება ე.წ. გერმანული საარჩევნო სისტემა დღეს მოქმედი სისტემისგან, "გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ახვლედიანი ამბობს, რომ დღეს არსებული მოდელისგან ის დათვლის წესით განსხვავდება.
მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის ე.წ გერმანული მოდელი ამ ეტაპზე ყველაზე სამართლიანი იქნება.
"მიუხედავად იმისა, რომ გერმანული მოდელი საკონსტიტუციო ცვლილებებს არ საჭიროებს და 76 ხმით, ჩვეულებრივი უმრავლესობით გადის, დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, ძირეული განსხვავებაა.
დათვლის წესი არის აბსოლუტურად განსხვავებული.
"თუ დღეს არსებული სისტემით მაჟორიტარული დეპუტატების რაოდენობას პირდაპირ ვუმატებთ პროპორციულად მიღებული დეპუტატების რაოდენობას, გერმანულ მოდელში დათვლა არის სხვაგვარი.
მაგალითად, პარტიამ აიღო 20% პარლამენტში, რამდენ პროცენტსაც აიღებს პარტია, იმდენ დეპუტატს შეიყვანს პარლამენტში. ანუ, თუ რომელიმე პარტიამ არჩევნებზე აიღო 20%, 150 დეპუტატიდან 20% არის 30 კაცი, პირველ რიგში, პარლამენტში ის შეიყვანს 5 მაჟორიტარს, დანარჩენი 25 დეპუტატი კი პროპორციული სიით შევა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი გადანაწილება და დათვლა საარჩევნო შედეგებისა.
ხელისუფლება, რომელიც იძახის, რომ მე მაჟორიტარები არ მაძლევენ იმის საშუალებას, რომ შევცვალო სისტემა და მაჟორიტარულ სისტემას არ აუქმებენ, ამას ვეღარ იტყვის.
გერმანული მოდელის შემთხვევაში, მაჟორიტარებიც რჩებიან, უბრალოდ ხელისუფლება მაჟორიტარების ხარჯზე ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.
რა პროცენტსაც მიიღებს, ხელისუფლება იქნება თუ ოპოზიციური პარტია, იმ პროცენტით შევა პარლამენტში, რაც ვფიქრობ, სამართლიანია", - ამბობს გიორგი ახვლედიანი.
თეა ბეჟიტაშვილი