
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" ხუთ პარტიასთან ერთად საარჩევნო ბლოკს ქმნის.
როგორც "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა განაცხადა, საარჩევნო ბლოკში შემდეგი პარტიები არიან გაერთიანებული:
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი", კახა კუკავას პარტია "თავისუფალი საქართველო", კონსტანტინე გამსახურდიას პარტია "თავისუფლება", აკაკი ასათიანის "ტრადიციონალისტთა კავშირი", გოჩა ჯოჯუას "ახალი ქრისტიან-დემოკრატები" და გია ბერძენაძის "ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა".
საარჩევნო ბლოკის სახელწოდება "დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი -გაერთიანებული ოპოზიცია" იქნება.
"ჩვენ იმიტომ შევქმენით ეს საარჩევნო ბლოკი, რომ ქვეყანაში არის უთანასწორო და უსამართლო საარჩევნო გარემო. "ქართულმა ოცნებამ" არ შეცვალა ის კანონმდებლობა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა შექმნა. ასეთ უთანასწორო პირობებში ჩვენ, ჩვენი მოთხოვნები ჩამოვაყალიბეთ და მივმართეთ ხელისუფლებას. ერთ-ერთი მათგანი ითვლისწინებდა იმ გამგებლებისა და პოლიციის უფროსების სისხლის სამართლებრივ დასჯას, რომლებიც დგანან საარჩევნო უბნების წინ და ამომრჩევლებს პირდაპირ თუ ირიბად აშინებენ. ამის ნაცვლად, ხელისუფლება იწყებს იმ კანონის მიღებას, რომლის თანახმადაც, თუ ჩვენ ასეთ გამგებელს საარჩევნო უბნის წინ გადავეყრებით და მასთან ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოგვივა, უკვე ჩვენ დაგვაპატიმრებენ. ეს ყველაფერი არის შეუთავსებელი", - განაცხადა ინაშვილმა.
ინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ მათ ცესკო-ში წევრის მიღებაზე უარი უთხრა, ასევე წაართვა უფასო საეთერო დრო.
ჩვენ ასევე გვართმევენ უფასო საეთერო დროს. იყო ყოველ საათში დაახლოებით, ერთი წუთი და ახლა იქნება 24-27 წამი. ამ დროში რა უნდა თქვას პოლიტიკურმა პარტიამ? ჩვენთვის წართმეულ უფასო სარეკლამო დროს "რესპუბლიკურ პარტიასა" და სხვა პარტიებზე ანაწილებენ. რით დაიმსახურა "რესპუბლიკურმა პარტიამ" ის, რომ ჩვენ წაგვართვან საეთერო დრო და მათ მისცენ", - განაცხადა ინაშვილმა.
მისივე თქმით, ახლად შექმნილი ბლოკი სხვა პარტიებთან კონსულტაციისთვის მზად არის, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "რესპუბლიკური პარტიისა".
"იმდენად უთანასწოროა ეს საარჩევნო გარემო, რომ ჩვენ ძალები უნდა გავაერთიანოთ და ამ მოწოდებით გამოვიდა "პატრიოტთა ალიანსი" და ამის საფუძველზე შეიქმა დღეს 6 პარტიისგან შემდგარი ბლოკი. თუმცა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი კარი ღიაა და სხვა პარტიებთანაც გავმართავთ კონსულტაციებს, ოღონდ ხაზგასმით ვამბობ, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" არანაირი საუბარი არ შედგება, ასევე ჩვენ "რესპუბლიკურ პარტიასთან" საუბარი არ გვექნება ბლოკთან დაკავშირებით", - განაცხადა ინაშვილმა.