
ქალაქ გორის საკრებულოს შვიდმა წევრმა საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის იმპიჩმენტის მოთხოვნით, კანცელარიაში განცხადება შეიტანა.
გორის საკრებულოს დეპუტატები თავმჯდომარეს არასახელმწიფოებრივ, არაადეკვატურ და არაკონსტიტუციურ ქმედებებში ადანაშაულებენ.
საკრებულოს თავმჯდომარემ ილია მეტრეველმა ("ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტია") საკრებულოს აპარატის 5 თანამშრომელი: აპარატის სამი სპეციალისტი ანა პაპელიშვილი, სოფო ოთინაშვილი და მედიკო მახარაშვილი; 2 შტატგარეშე - დავით გუდაძე და გია აფციაური ბრძანების საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლა.
ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება და საქართველოს ორგანული კანონის "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 61-ე, 93-ე და 98-ე მუხლები.
საკრებულოს თავმჯდომარის ამგვარ გადაწყვეტილებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში, საკრებულოში ხმაურია, დეპუტატები 15 საათზე ჩანიშნული ბიუროს სხდომისთვის ემზადებიან, სადაც ილია მეტრეველს მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს მოსთხოვენ.
"დაიწერა რამდენიმე თანამშრომლის, კერძოდ, 5 თანამშრომლის გათავისუფლებაზე ბრძანება, ყველა მათგანი კონკურსის წესითაა დანიშნული, რა პროცესები ვითარდება საკრებულოში, მე უკვე აღარ შემიძლია კომენტარი გავაკეთო. დღეს, ბიუროს სხდომაზე შევიკრიბებით, იქნება საკმაოდ მწვავე შეკითხვები, 15.00 საათზე შევიკრიბებით და საკრებულოს თავმჯდომარეს ყველაფერზე მოვთხოვთ განმარტებას. როცა საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლის გათავისუფლება ხდება, ეს უნდა იყოს დასაბუთებული, ამ შემთხვევაში კი, არავითარ დასაბუთებას ადგილი არ აქვს", -აცხადებს ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ როსებაშვილი.
მეტრეველის ამ გადაწყვეტილებას არასახელმწიფოებრივ ქმედებას უწოდებს სამანდატო-საპროცედურო კომისიის ხელმძღვანელი თამარ თედლიაშვილი. მისი თქმით, საქართველოში, თვითმმართველობის რეფორმა 2015 წლის 2 აგვისტოს სწორედ მოხელეების კონკურსის გზით შერჩევის წესის დამკვიდრებით დაიწყო.
"დღეს, საკრებულოს თავმჯდომარემ სწორედ კონკურსის გზით შერჩეული თანამშრომლები ერთპიროვნული გადაწყვეტილებით გაათავისუფლა სამსახურებიდან, თანაც ისე, რომ ამ ადამიანებს სიტყვიერი გაფრთხილებაც კი არასოდეს მიუღიათ. ეს არის არასახელმწიფოებრივი ქმედება, ეს არის ილია მეტრეველისგან უკვე მერამდენე შეცდომა, რასაც ჩვენ ნამდვილად არ ვაპატიებთ", -აცხადებს თამარ თედლიაშვილი.
ანალოგიურ შეფასებებს აკეთებენ საკრებულოს სხვა წევრებიც. "ეს არის არაადეკვატური საქციელი, მე არ მეგონა, რომ ილია მეტრეველი ამხელა შეცდომებს დაუშვებდა. ვფიქრობ, ის არ იცნობს კოდექსს და იმ რეფორმას, რომელიც ჩაატარა ქვეყანამ. ვფიქრობ, ეს უკვე ძალიან დიდი პრობლემაა მუნიციპალიტეტისთვის", - აცხადებს საკრებულოს წევრი დავით რაზმაძე.
რამდენიმე წუთის წინ, საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ქალაქის მერიც გამოეხმაურა.
"ზოგადად, საკრებულოს თავმჯდომარეს უფლება აქვს, გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტი, ასე რომ, მას შეეძლო დაეწერა ბრძანება, მაგრამ ბრძანების საფუძველი უნდა იყოს დასაბუთებული. მით უფრო, როცა საქმე ეხება კონკურსგავლილ საჯარო მოხელეთა გათავისუფლების საკითხს. მე არ ვიცი, რა დოკუმენტების საფუძველზე გამოსცა ბატონმა ილიამ ეს ბრძანებები, თუმცა, ზოგადად, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტი, ასევე, თვითმმართველობის კოდექსის დაღვევა თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის გამომცემს არ აქვს დასაბუთებული პოზიცია. მე ვფიქრობ, ირღვება ადამიანთა უფლებები, ირღვევა თვითმმართველობის კოდექსი და ირღვევა კონსტიტუცია", - აცხადებს ქალაქ გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი.
თავად საკრებულოს თავმჯდომარეს ილია მეტრეველს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.