"ნაციონალურმა მოძრაობამ" ფოთში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა დავით ბაქრაძემ ფოთის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. საქართველოს პარლამენტში მოსახვედრად ბექა ბასილაია იბრძოლებს.
წარდგენაზე გიგა ბოკერია, ნანა ალექსნდრია და ელენე ხოშტარია იმყოფებოდნენ. პარტიიის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პარტიის საარჩევნო პროგრამა გააცნეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
"ფოთში ჩვენ დავასახელეთ ადამიანი, რომელიც მოდის ახალი ენერგიით, ღირებულებებით, ცოდნით. ადამიანი, რომელიც მოდის სუფთა ხელებით პოლიტიკაში და ეს არის ჩვენი მიდგომა ზოგადად საქართველოში, მათ შორის ფოთშიც. ახალი ენერგიით, ახალი სახეებით, ძველი გამოცდილებით, წარსულზე სწავლით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ქვეყანა წავიდეს წინ და განვითარდეს. უნდა გაგრძელდეს აღმშენებლობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბასილაიმ გუნდს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ფოთის მოსახლეობას პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.
"ფოთის, მაჟორიტარულ ოლქზე შემოერთებული გურიის სოფლებისა და ზოგადად, მთელი ქვეყნის წინაშე მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. ამ დროს კი ფოთს უდიდესი პოტენციალი აქვს განვითარებისთვის. ჩვენ ფოთს ვაქცევთ მსხვილ ტურისტულ ცენტრად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროცესში და ტურისტულ ინდუსტრიაში უამრავი ადამიანი დასაქმდება. პარალელურად ვგეგმავთ მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებას, დავაგებთ შიდა გზებს, მოვაწყობთ პარკირებისთვის სივრცეებს, შიდა ეზოებსა და ბავშვთა სკვერებს, აშენდება საფეხბურთო სტადიონი, საცურაო აუზი, სპორტის სასახლე და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში უამრავი ადამიანი დასაქმდება.
ჩვენ ვგეგმავთ მჭიდრო თანამშრომლობას ადგილობრივ ბიზნესთან და უცხოელ ინვესტორებთან, მათ ექნებათ თავიანთი ქონების დაცვის გარანტია და საუკეთესო პირობები თანხის დასაბანდებლად, წილში მათ არავინ ჩაუჯდება. მეორე მნიშვნელოვანი პრობლემა არის მძიმე სოციალური ფონი. ჩვენ აღვადგენთ ერთჯერად დახმარებებს ქალაქის მასშტაბით. გურიის სოფლებში კი ჩვენი სამოქმედო პროგრამაა სრული გაზიფიცირება, შიდა გზების მოწყობა, წყლის სისტემების გამართვა. გლეხს შევუქმნით პირობებს დაამუშაოს მიწა და დავეხმარებით მთელი წლის ნაჯაფით მოწეული მოსავლის გასაღებაში. ჩვენ გავიმარჯვებთ და ჩვენს გეგმებს სისრულეში მოვიყვანთ", - განაცხადა ბექა ბასილაიმ.
მკითხველის კომენტარები
(0)