
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ბიუროს სხდომაზე დაუსწრებლობას "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მიერ დღეს დაგეგმილი პარტიული ღონისძიებით ხსნიან.
"სხვების რა გითხრათ, მაგრამ პირადად ჩემზე გეტყვით, რომ პარტიული ღონისძიება გვაქვს დღეს საღამოს და იმით ვართ დაკავებული. პარლამენტის თავმჯდომარემ, როდესაც ბიუროს სხდომა ჩაინიშნა, პარტიული ღონისძიების შესახებ არ იცოდა. გაუგებარი არაფერია და ოთხშაბათს ჩვეულებრივად ჩატარდება ბიურო, რაიმე პრობლემას ვერ ვხედავ. საარჩევნო პერიოდია, პარლამენტის წევრები ჩართულები არიან საარჩევნო პროცესში, მაგრამ დღეს განსაკუთრებით აქტიური დღეა, რომლის თაობაზეც საზოგადოება ინფორმირებულია", - განაცხადა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანმა.
ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დაუსწრებლობის იგივე მიზეზს ასახელებს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიაც.
"მე გადავამოწმებ ჩემს კოლეგებთან, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებთან, თუ ყოფილა მსგავსი შემთხვევა, რომ უმცირესობასთან ერთად, უმრავლესობაც გარკვეული ბოიკოტის რეჟიმში იყოს", - ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ ჩაშლილ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
"15 აგვისტოა და ამ დროს პარლამენტი, როგორც წესი, საზაფხულო არდადეგებზეა, თუმცა, ბიუროს დღევანდელი სხდომის დანიშვნა განაპირობა ერთმა კონკრეტულმა საკითხმა, რომელსაც სჭირდება კანონით დადგენილ ვადებში განხილვა. ბიუროს დღევანდელ სხდომას არ ესწრება ორგანიზებულად არამხოლოდ უმცირესობა, რომელიც პოლიტიკური ბოიკოტის ვითარებაშია, არამედ არ იმყოფება უმრავლესობაც." - აცხადებს უსუფაშვილი.
სხდომის ჩასატერებლად 17 დეპუტატის დასწრება იყო საჭირო, თუმცა სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარის ჩათვლით, მხოლოდ 9 დეპუტატი - "რესპუბლუკელების", "თავისუფალი დემოკრატების", "ეროვნული ფორუმის" და "მრეწველების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ბიუროს სხდომაზე დასასწრებად არ გამოჩენილან "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები.
ბიუროს სხდომაზე დღეს ორ საკონსტიტუციო ინიციატივაზე უნდა ემსჯელათ. პირველი - ბიუროს სხდომას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის პარლამენტისადმი მიმართვა უნდა წარდგენოდა, რომლის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფი საქართველოს ე.წ. უბლოკო სტატუსის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებასა და ამ მიზნით მოქალაქეთა ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს და მეორე, უნდა განხილულიყო თავად დავით უსუფაშვილის ინიციატივა, რომ კონსტიტუციის პრეამბულას, სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა: "დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში".