02 ოთხშაბათი - 2025, აპრილი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას წევრები | Allnews.Ge

რატომ ტოვებენ პაატა ბურჭულაძის პარტიას წევრები

პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის,"  ახალ პოლიტიკურ ცენტრ "გირჩთან," პოლიტიკურ პლატფორმა "ახალ საქართველოსთან" და "ახალ მემარჯვენეებთან" ერთ საარჩევნო ბლოკში გაერთიანების შემდეგ,რამდენიმე ლიდერმა, მერაბ მეტრეველმა, ხათუნა ლაგაზიძემ და ახლა უკვე გიორგი რუხაძემ დატოვეს.

ასევე, პარტია კაჭრეთის ოფისის 25-მა და ფოთის ორგანიზაციის 50-მა წევრმა დატოვა. მიზეზად ისინი ფინანსურ პრობლემებსა და ლიდერის უყურადღებობას ასახელებენ.

მერაბ მეტრეველის განცხადებით, რომელმაც პარტია პირველმა დატოვა, მისთვის "გირჩთან" და "ახალ საქართველოსთან" ერთ ბლოკში გაერთიანება მიუღებელი იყო.

"არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება," - აღნიშნა მეტრეველმა.

ხათუნა ლაგაზიძეც, მერაბ მეტრეველის მსგავსად, მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გაერთიანებულ საარჩევნო ბლოკს უკავშირებს.

ხათუნა ლაგაზიძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

"დროთა განმავლობაში პარტიაში გაუგებარი პრობლემები გაჩნდა. ერთი თვის წინ კი პაატა ბურჭულაძემ ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო და გამყიდველ "ნაციონალებს" შეუერთდა. არსებობდა ფინანსური პრობლემები, ამასთან, ადამიანებს მოტივიაცია უქვეითდებოდათ და პარტიიდან მიდიოდნენ. როდესაც გაერთიანების შესახებ შევიტყვე, პაატასგან განმარტება მოვითხოვე - მან მითხრა, ეს ბლოკი ჩვენი პარტიის გადასარჩენად შევქმენიო", - განაცხადა ლაგაზიძემ.

გარდა ამისა, ლაგაზიძის თქმით, პარტიის საარჩევნო სია პავლე კუბლაშვილმა დააკომპლექტა, რაც მისთვის მიუღებელია. მან ასევე აღნიშნა, რომ ბურჭულაძეს პარტიაში კრიმინალური და ქუჩური მენტალობის მქონე ერთი ადამიანი ჰყავს, რომლის სამეგობროსაც შეუძლია მისი ოჯახისთვის ზიანის მიყენება, სწორედ ამიტომ სახელმწიფო დაცვა მოითხოვა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ სახელმწიფოსგან თავს დაცულად გრძნობს.

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

მერაბ მეტრეველისა და ხათუნა ლაგაზიძისგან განსხვავებით, გიორგი რუხაძე სამი პოლიტიკური პარტიის ერთ საარჩევნო ბლოკად გაერთიანებას ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს უკავშირებს. მისი თქმით, ყოფილი პრემიერი ახლა ფიქრობს, უღირს თუ არა, აღნიშნულმა პარტიამ ბარიერი გადალახოს.

"ეს აღარ არის ალტერნატივა არც "ქართული ოცნების", არც "ნაციონალური მოძრაობის". ეს აღარ არის ძალა, რომლის ლიდერია პაატა ბურჭულაძე. ეს არის ძალა, რომელსაც პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ და ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესს",- განაცხადა რუხაძემ და დასძინა, რომ თუ "სახელმწიფო ხალხისთვის" ბარიერს გადალახავს, ეს პოლიტიკური ძალა პარლამენტში "ქართული ოცნების" დამატება გახდება.

გიორგი რუხაძემ პაატა ბურჭულაძის პარტია დატოვა

გიორგი რუხაძის მიერ პარტიის დატოვებას "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, დავით ჯანდიერი გამოეხმაურა, მისი თქმით, გიორგი რუხაძე ხათუნა ლაგაზიძესთან ერტად 8 სექტემბერს წავიდა და ამის მიზეზი ის იყო, რომ საპარლამენტო სიის პირველ ხუთეულში ვერ მოხვდა.

"ძალიან, გულწრფელად მწყდება გული, რომ გიორგი რუხაძეს, რომელთან ერთადაც ჩვენ შევქმენით პარტია "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის" დღეს საზოგადოება შეჰყავს სიცრუეში და ყველა ხერხით ცდილობს და სავარაუდოდ, მომავალშიც შეეცდება ამ განცხადების შემდეგ აწ უკვე დევალვირებული პოლიტიკოსიდან შეინარჩუნოს აქტუალობა მედიაში, მოგვაყენოს ზიანი და მიიქციოს ყურადღება,"- განაცხადა ჯანდიერმა.

ბიძინა ივანიშვილი რუხაძის საპირისპირო პოზიციაზეა და პაატა ბურჭულაძის პარტიას მთავარ "ერთიან ნაციონალურ" მოძრაობას უწოდებს.

"ამაზე ბუნებრივი გაერთიანება მე ვერც კი წარმომიდგენია, რომ არ დაგიმალოთ. რანაირად შეიძლება კუბლაშვილი და ვაშაძის გაერთიანება იყოს არაბუნებრივი და კაციტაძისაც. თუ თქვენ გახსოვთ, გამყრელიძემ პოლიტიკა მხოლოდ იმ ნიშნით დატოვა, რომ ლამის მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ "ახალი მემარჯვენეები" იყვნენ ფსევდოოპოზიციური პარტია და ეს იყო "ნაციონალური მოძრაობის" შემადგენელი ნაწილი. დღეს ასეთი ერთადერთი დარჩა "ლეიბორისტული პარტია".

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

დანარჩენებიც - ქდმ ჩაიშალა, ნათელაშვილს არსად ჰქონდა წასასვლელი, იმიტომ, რომ მაგაზე უამრავი კომპრომატი აქვთ და დღესაც ამუშავებენ "ნაცები".

კაციტაძე იყო ჩვეულებრივად "ნაციონალური მოძრაობის" წევრი.

მეტი ბუნებრივი გაერთიანება რა შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთი ჩახლართული სიტუაციები და ასეთი ხელწერა გახლავთ სააკაშვილის. ის ყოველთვის ცდილობდა საზოგადოების მოტყუებას. მადლობა ღმერთს, რომ ეს კარგად გაირკვა,"- განმარტა ივანიშვილმა.

"სახელმწიფო ხალხისთვის" წევრების პარტიიდან წასვლის მიზეზებზე Allnews.ge პოლიტოლოგ გიორგი ცხადაიას ესაუბრა.

"პარტიიდან წასვლას ალბათ ორი მიზეზი ჰქონდა. ერთი, რომ ეს ადამიანები საარჩევნო სიის ათეულში ვერ მოხვდნენ და მეორე ის, რომ ალბათ, მათ მართლა დაინახეს გაერთიანებულ პარტიებთან იდეოლოგიური შეუთავსებლობა ან რაიმე პირადი მიუღებლობა ჰქონდათ. ოფიციალურ მიზეზად, ბუნებრივია, ეს შეიძლება არ დაასახელონ, თანაც მათი განცხადებები ძალიან ბუნდოვანია. მე რამდენადაც ვიცი, ამ ბლოკში შემავალი სხვა პარტიებიც არ არიან მაინცდამაინც კმაყოფილები ამ გაერთიანებით, იმიტომ რომ საარჩევნო სიაში მათაც მოუწიათ პოზიციების დათმობა." - აღნიშნა ცხადაიამ.

საარჩევნო ბლოკი 2016 წლის 8 ოქრომბრის არჩევნებში მონაწილეობას ასეთი პროპორციული საარჩევნო სიით მიიღებს:

1. პაატა ბურჭულაძე,

2. გიორგი ვაშაძე,

3. დავით ჯანდიერი,

4. ვახტანგ მეგრელიშვილი,

5. ირაკლი ყიფიანი,

6. იაგო ხვიჩია,

7. დავით კიზირია,

8. გიორგი მელაძე,

9. მელორ ტყეშელაშვილი,

10. მამუკა კაციტაძე,

11. გიორგი პაპავა,

12. ზურაბ ჯაფარიძე.