
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად, ხელისუფლების სათავეში "ქართული ოცნება" მოვიდა. მისი მმართველობის 4 წლის განმავლობაში, განხილვის საგანი არაერთი გახმაურებული და საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის მქონე კანონპროექტი გახდა. Allnews.ge დაინტერედა, საკანონმდებლო ორგანომ რა მნიშვნელოვანი კანონპროექტები მიიღო.
ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტმა 2012 წლიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით, სულ 1427 კანონი მიიღო, აქედან 1336 – "საქართველოს კანონი," 107 – "ორგანული კანონი" და 2 "კონსტიტუციური კანონი."
საკანონმდებლო ორგანოს 4 წლიანი საქმიანობა ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა და "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემაც შეაფასეს.
ეკა გიგაური, საკანონმდებლო თვალსაზრისით, პარლამენტის მუშაობით კმაყოფილია.
"ჩვენი ინფორმაციით მიიღეს დაახლოებით, ათასზე მეტი კანონპროექტი. იყო რამდენიმე მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც, პარლამენტმა მიიღო. მათ შორის დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი, ქმედითუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა, არასარულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, არასრულწლოვანთა ქორწინების აკრძალვა, ნდობის ჯგუფის მანდატის გაზრდა, იძულებით სამსახურიდან განთავისუფლების კრიმინალიზება და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო დამზადება, მოხმარება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვის გამიჯვნა," - განმარტა მან Allnews.ge-სთან საუბარში.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის თქმით, პარლამენტმა რამდენიმე ხარვეზიანი კანონიც მიიღო, თუმცა ეს მაინც წინგადადგმულ ნაბჯად შეიძლება იქნას მიჩნეული.
"იყო ისეთი კანონპროექტებიც, რომლებიც ცოტა პრობლემატური იყო, ხარვეზები ჰქონდა, მაგალითად საჯარო სამსახურის რეფორმა, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები, თუმცა, მათი მიღებაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. საბოლოო ჯამში პარლამენტი მუშაობდა," - აღნიშნა გიგაურმა.
რაც შეეხება "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის პოზიციას, მისი აზრით, ყველაზე კარგი კანონი სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლითაც ქმედუუნარობის ინსტიტუტის შესაბამისობაში მოყვანა მოხდა. მან "ხარვეზიან" კანონებზეც ისაუბრა.
"ცუდი კანონპროექტი, სამწუხაროდ არაერთი იყო, მაგალითად, ბოლო კანონი, რომლითად საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებები მკვეთრად შეიზღუდა, ასევე კანონი, რომლითად მოწმეთა დაკითხვის გადავადება რამდენიმეჯერ გახდა შესაძლებელია, ეს ის კანონებია, რომლებიც ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებას ნამდვილად არ წაადგა," - განმარტა მშვენიერაძემ.
მან ასევე დასძინა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება პოზიტივის მატარებელი იყო, თუმცა მაინც ხარვეზებს შეიცავდა.
აღსანიშნავია, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული, ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის საკანონმდებლო ინიციატივა გახდა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციაში უნდა ჩაწერილიყო რომ "ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა," თუმცა აღნიშნულს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო.
მარიამ მენაბდიშვილი