
გუშინდელი ფაქტი, სამწუხაროდ, არის ლოგიკური გაგრძელება იმ პროცესის, რომელსაც ერთი მხრივ სახელისუფლებო პარტია "ქართული ოცნება" და მეორე მხრივ, ყოფილი სახელისუფლებო პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ამკვიდრებენ საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს გუშინ მომხდარი ინციდენტის, კერძოდ, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.
როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, როდესაც სიძულვილი არის არჩევნებში გამარჯვების მთავარი იარაღი, მაშინ ასეთი სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტები არ არის გამორიცხული.
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ უნდა დავგმოთ ყველა ის ადამიანი, ვისაც რაიმე შეხება აქვს ამ ქმედებასთან, ასევე იმ ძალადობრივ ფაქტებთან, რომლებიც ნაკლები სიხშირით, მაგრამ მაინც ხდებოდა ამ დღეებში. მე მინდა საქართველოს მოქალაქეებს მივმართო, ეს ყველაფერი ხდება მათ თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებისთვის. აქ სხვა არანაირი საკითხი და არაფერი არ ირკვევა არავის შორის.
ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ჩვენზე, საქართველოს მოქალაქეებზე ვიღაცებმა მოახდინონ ისეთი გავლენა, როგორც მათ სურთ.
მათ უნდათ, რომ ჩვენ აგვამოქმედონ მათი ინტერესების შესაბამისად", - განაცხადა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ეს კომენტარი საქართველოში გაერო-ს მისიის ოფისიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა, სადაც მისი თქმით, შეხვდა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს.
"ეს შეხვედრა ეძღვნებოდა ზოგადად საარჩევნო გარემოს, არჩევნების წინ მდგომარეობას. ცხადია, შევეხეთ ყველა იმ პრობლემას, რაც არის დღეს", - აღნიშნა უსუფაშვილმა.