
"ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლისა და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოზე მიიღო.
პარტიის წევრების ნაწილი მიიჩნევდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში უნდა შესულიყო და მონაწილეობა მიეღო მეორე ტურში, რათა არ მომხდარიყო პარტიის მარგინალიზაცია და თვითიზოლაცია, ასევე, პატივი ეცათ იმ ნახევარი მილიონი ამომრჩევლისთვის, რომელმაც არჩევნებში აღნიშნულ პარტიას მხარდაჭერა გამოუცხადა. ისინი ასევე აცხადებდნენ, რომ პარლამენტში შესვლით შეებრძოლებიან ერთპარტიულ დიქტატუტას.
მიხეილ სააკაშვილი პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობას ეხმაურება
ნაწილი კი მეორე ტურსა და პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებდა, რადგან მათი აზრით, ხელისუფლებამ გააყალბა არჩევნები და ამ არჩევნებმა არ ასახა ქართველი ხალხის ნება. მათი თქმით, პარლამენტში შესვლით მოხდება გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმაცია.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროპორციული სიის წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, პარლამენტში შესვლისა და მეორე ტურში მონწილეობის გადაწყვეტილება პოლისტსაბჭომ ხმათ უმრავლესობით მიიღო. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, - "იყო ძალიან ბევრი დარღვევა, სერიოზული ძალადობა, არათანაბარი პირობები, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენ ვალდებულები ვართ პატივი ვცეთ იმ ამომრჩევლებს, ვინც ხმა დაგვიჭირა და ასევე მათ, ვინც ხმა არ მოგვცა. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება ძლიერი პროდასავლური ოპოზიცია, რათა ივანიშვილს შევუშალოთ ხელი, მოაგროვოს საკონსტიტუციო უმრავლესობა და მართოს ქვეყანა ისე, როგორც მოესურვება," - განმარტა მან.
პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" პოლისტსაბჭოს წევრმა დავით ბაქრაძემაც გააკეთა, მისი თქმით, პარტია გამოიყენებს კანონიერ აქციებსა და კავშირებს უცხოეთში, რომ საქართველო ერთპარტიულ ქვეყნად არ გადაიქცეს და დარჩეს ოპოზიციის აზრი.
როგორ გადანაწილდება საპარლამენტო მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის
ბაქრაძემ ასევე დასძინა, რომ ამისთვის პარტია პარლამენტსაც გამოიყენებს, - "შექმნილ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" დარჩა ფაქტობრივად ერთადერთ პროდასავლურ ოპოზიციურ ძალად, ჩვენ ვერ მივცემთ იმის ფუფუნებას ივანიშვილის რეჟიმს, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა და უარი ვთქვათ ისეთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ ბრძოლაზე, როგორიც არის პარლამენტის ინსტიტუტი. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად არათანაბარი პირობებისა, მიუხედავად გაყალბებისა და ზეწოლისა, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტური ჩაივლის ძალიან მძიმე ბრძოლის ფონზე, ვიღებთ ბრძოლას. პარტია მონაწილეობას მიიღებს მეორე ტურში, ჩვენ შევალთ პარლამენტში და მონაწილეობას მივიღებთ საპარლამენტო მუშაობაში," - განმარტა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა.
2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბარიერის გადალახვა სამმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ," "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "პატრიოტთა ალიანსმა" შეძლო. ამ პარტიებმა პროპორციული სიით პარლამენტში მანდატები მოიპოვეს.
როგორ გადანაწილდება მაჟორიტართა მანდატები ეს ცნობილი არჩევნების მეორე ტურის შესახებ გახდება.