
გუშინ მთელი დღის განმავლობაში არც ერთი ისეთი სერიოზული ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომელსაც არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენა შეუძლია, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 195 საჩივარია რეგისტრირებული. როგორც ჟვანიამ განმარტა, საჩივრების უმეტესობა ტექნიკურ-პროცედურულ საკითხებს შეეხება, ხოლო მოთხოვნათა უმრავლესობა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებაა. ჟვანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვმნელოვანია თითოეული საჩივარი ზედმიწევნით იყოს შესწავლილი.
"მნიშვნელოვანია, რომ დავების განხილვის პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ და კანონის შესაბამისად. ყველა პროცესის დასრულების შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიები, არაუგვიანეს მე-11 დღისა, შეაჯამებენ არჩევნების შედეგებს, მაჟორიტარული არჩევნების ნაწილში, ხოლო ცესკო არჩევნებიდან არაუგვიანეს მე-19 დღისა, არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს", - განაცხადა თამარ ჟვანიამ.