
შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და აქ გადმოვა, - ამის შესახებ ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წევრმა ადა მარშანიამ საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში შექმნილი სასამართლოსა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე სამუშო ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობისას განაცხადა.
როგორც მარშანიამ აღნიშნა, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინაა და ეს მოხდება მაშინ, როდესაც პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს მიიღებს.
"ცხადია, შევთანხმდით იმაზე, რომ პარლამენტი თბილისში იმუშავებს და გადმოვა აქ. ეს მოხდება მაშინ, როცა მივიღებთ კონსტიტუციას. თავად პროექტში, რომელსაც დღეს ვიხილავთ ასეთი ჩანაწერი არის და პარლამენტის თბილისში გადმოტანის წინააღმდეგი არავინ იყო", - განაცხადა ადა მარშანიამ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის სოფიო კილაძის განცხადებით, საკონსტიტუციო კომისიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არც ერთ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს მიღებული, მათ შორის არც პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანასთან დაკავშირებით.
როგორც კილაძემ განმარტა, ამ ეტაპზე კომისიის წევრები სამუშაო რეჟიმში არიან და მიღწეულია მხოლოდ პირველადი კონსენსუსი გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კილაძემ განმარტა, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება ბოლო პროექტზე, რომელსაც პარლამენტი წარადგენს.
დეპუტატის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას ჯერ კიდევ სჭირდება დრო იმისთვის, რომ შეჯერდეს, რომელი მოდელია უკეთესი პარლამენტის ქუთაისში დარჩენა, თუ თბილისში გადმოტანა.