27 ხუთშაბათი - 2025, მარტი
ado.slave('adoceanadvertlinegezhkpfxervr', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
ado.slave('adoceanadvertlinegeznhlemomnb', {myMaster: 'PgucTgaQ7SKnYhRaD7PFweZcfc7lvwen1L7Fg.GU8Qv.67' });
თვის ყველაზე კითხვადი

რა სარგებელი მოიტანა პარლამენტის ქუთაისში გადატანამ | Allnews.Ge

რა სარგებელი მოიტანა პარლამენტის ქუთაისში გადატანამ

საქართველოს საკანონმდებლო ორგანო, უკვე რამდენიმე წელია, ქუთაისში ფუნქციონირებს. პარლამენტის ქუთაისში გადატანის იდეა პირველად 2009 წელს დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ გაახმოვანა, რასაც მხარი მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც დაუჭირა.

სააკაშვილს მიაჩნდა, რომ ქვეყანას დეცენტრალიზაცია ესაჭიროებოდა, ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კი ქალაქის ეკონომიკური განვითარება იყო.

რამდენად განვითარდა, ქუთაისი, განვლილი ოთხი წლის განმავლობაში და მოახდინა თუ არა ეფექტი განხორციელებულმა ცვლილებამ? ამის შესახებ Allnews.ge ერთ-ერთ ინიციატორს, ეკონომისტსა და პოლიტოლოგს ესაუბრა.

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი, დავით დარჩიაშვილი, საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში გადატანის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. მისი თქმით, ამჟამინდელ ხელისუფლებას დაგეგმილი ცვლილებები რომ სრულად განეხორციელებინა და პროექტი "ნახევარფაბრიკატად" არ დაეტოვებინა, დღეს ქუთაისი ეკონომიკურად და სოციალურად განვითარებული იქნებოდა.

"ამ ხელისუფლებამ შენობა ბალანსზეც კი არ აიყვანა, ირგვლივ ბაღისა და პარკის მოვლა საერთოდ არ ხდება და იქ ძროხები ჰყავთ გაშვებული. არც აღმასრულებელი სტუქტურების გადაყვანა მოხდა, როგორც ჩაფიქრებული იყო, რაც ხელისუფლების ფუნქციონირებას ქუთაისში სრულად შეცვლიდა და ამას უკვე სრულფასოვანი ეკონომიკური და სოციალური ეფექტი ექნებოდა. მაგრამ მაინც, ვფიქრობ, ქუთაისელებისათვის და ქალაქის გამოცოცხლებისთვის ეს 4 წელი ძალიან მნიშვნელოვანი იყო,"-განმარტავს დავით დარჩიაშვილი.

მისი თქმით, ქუთაისში კონტროლის პალატა და სამინისტროების ქვედანაყოფებიც რომ გადასულიყო, ქუთაისი პოლიტიკური დედაქალაქის ფუნქციას ნამდვილად შეასრულებდა.

"ქუთაისს განვითარების უზარმაზარი სტიმული ექნებოდა, რადგან სრულფასოვნად ფუნქციონირებადი სახელისუფლებო სტრუქტურები წაახალისებდა ტელევიზიებს, რესტორნებს, სასტუმროების ბიზნესსა და დეველოპერებს,"-აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" წევრი.

ეკონომისტი, ზურაბ კუკულაძე, ქალაქებს შორის ფუნქციების გადანაწილების მომხრეა, თუმცა, მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის გადატანას არავითარი ეფექტი არ მოუხდენია.

"შესაძლოა, ქალაქის რამდენიმე კაფეში პარლამენტის წევრებმა ისადილონ და სულ ეს არის,"-აღნიშნავს ის.

მისი თქმით, ქუთაისში პარლამენტის გადატანას გარკვეული პოტენციალი იმ შემთხვევაში ექნებოდა, თუ მასთან ერთად სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და სხვადასხვა სტრუქტურის მიერ პოლიტიკური საქმიანობაც განხორციელდებოდა.

"სხვა ქვეყნების მაგალითს თუ შევხედავთ, თურქეთმა დედაქალაქი ანკარაში იმიტომ გადაიტანა, რომ სამხრეთ რეგიონების განვითარება იგეგმებოდა და გადაწყდა, რომ მთელი ყურადღება ანკარისკენ ყოფილიყო მიპყრობილი. მსგავსი მაგალითია ბრაზილია, სადაც დედაქალაქი შედარებით ნაკლებად მასშტაბურ ქალაქში, ბრაზილიაშია და არა დიდ, ცნობილ და რეალურად, ეკონომიკურ დედაქალაქში, რიო დე ჟანეიროში, ანუ მსგავს ინიციტივებს პერპეტივა ყოველთვის აქვს, თუმცა სხვა საკითხია, ესა თუ ის რეგიონი რამდენად გამოიყენებს შესაძლებლობებს,"-განმარტავს ის.

ზურაბ კუკულაძის აზრით, ქუთაისში პარლამენტის გადატანამ იმიტომ არ გაამართლა, რომ ერთი, თუნდაც მრავალმილიონიანი ინიციატივით, ქალაქის სრულად განვითარება შეუძლებელია.

"გამოვიდა, რომ ქუთაისში პარლამენტის გადატანით დაახლოებით,150 დეპუტატს აუცილებლობა შევუქმენით, რომ პერიოდულად ქუთაისში იარონ და რამდენიმე დღე იქ გაატარონ. შესაბამისად, ქალაქში ფულს ისინი დახარჯავენ და სხვა არაფერი,"-აღნიშნავს ეკონომისტი.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ქუთაისში პარლამენტის გადატანის დადებით შედეგებს ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ეს ქვეყნისთვის საზიანოც არის.

"ეს არის ფსევდო-ეკონომიკური განვითარება და არასერიოზულია, ამაზე საუბარი.

ქუთაისში პარლამენტის არსებობა სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის მაღალი რისკების შემცველია, იმიტომ რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, გარკვეული რისკები და ფორსმაჟორული სიტუაციები ყოველთვის არის, შესაბამისად, სახელისუფლებო შტოებმა კომუნიკაცია ოცდაოთხსაათიან რეჟიმში უნდა იქონიონ.

მაგალითისთვის, 2008 წლის ომის დროს, როდესაც საქართველო, ფაქტობრივად შუაზე იყო გახლეჩილი და საგანგებო მდგომარეობა მოქმედებდა, მაშინ რომ პარლამენტარები ქუთაისში ყოფილიყვნენ და მთავრობა თბილისში, სახელმწიფო ფუნქციონირებას ვერ მოახერხებდა. სრული დეზინტეგრციის წინაშე აღმოვჩნდებოდით,"-განმარტავს ის და დასძენს, რომ პარლამენტი, აუცილებლად თბილისში უნდა დაბრუნდეს.

პარლამენტის ქუთაისში გადატანის შესახებ, საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტმა 2011 წლის ივლისში დაამტკიცა. ცვლილების თანახმად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად შეკრებილი საკანონმდებლო ორგანო, 2013 წლიდან ქუთაისში დაიდებდა ბინას.

მარიამ მენაბდიშვილი