რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა "სამხრეთ ოსეთის" ე.წ საზღვარი კიდევ 500 მეტრით გადმოსწიეს
რუსული საჯარისო დანაყოფის წარმომადგენლებმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე. წ. საზღვრის მიმდებარედ საფორთიფიკაციო სამუშაოები განაახლეს.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სოფლების - ბერშუეთისა და სობისის განაპირას შეიარაღებულმა ფორმიანებმა ადგილობრივი მოსახლეობის კუთვნილ მიწის ნაკვეთებში ე.წ საზღვრის აღმნიშვნელი კიდევ ერთი მწვანე ბანერი დაამონტაჟეს.
გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის, დავით ცერცვაძის განცხადებით, აღნიშნული ბანერი ძველი ე. წ. სასაზღვრო ნიშნულიდან დაახლოებით 500 მეტრითაა გადმოწეული.
ბანერის განთავსების გამო, სოფელ ბერშუეთის მაცხოვრებლებს - ჩილინდრიშვილებსა და ხოდელებს რამდენიმე ჰექტარ სახნავ-სათეს ფართობზე წვდომა შეეზღუდათ.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ამ ტერიტორიაზე ინციდენტი ორჯერ მოხდა. ერთხელ, როცა ხოდელების ოჯახი მარცვლეულს თესავდა, ე.წ. მესაზღვრეებმა ოჯახის ორი წევრი დააკავეს და აღნიშნულ ფართობზე მუშაობა აუკრძალეს. 2016 წლის ზაფხულში კი, იგივე ადგილას ხის ბოძები დაამონტაჟეს და ჩილინდრიშვილების ოჯახს უკვე მოყვანილი ქერის მოსავლის აღების საშუალებას არ აძლევდნენ.
მკითხველის კომენტარები
(1)
არ შეიძლება მაგ დეფაქტო საზღვრის მთელ პერიმეტრზე დაიდგას მცირე პატარა თუნდაც 2 კაციანი საგუშაგოები და რო იდგნენ იქ დამატებით კამერებით აღჭურვილები იქნებ მაშინ მოერიდონ მსგავს პროვოკაციას. არ ვამბობ რომ ომი უნდა დავიწყოთ მაგრამ ესეთი უმოქმედობაც დანაშაულის ტოლფასია.