23 კვირა - 2025, მარტი

"ევროპულმა საქართველომ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა | Allnews.Ge

"ევროპულმა საქართველომ" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა

პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ევროპული საქართველო" ქალთა ორგანიზაცია დააფუძნა. ქალთა ორგანიზაციას პარლამენტის წევრი ხათუნა გოგორიშვილი უხელმძღვანელებს. დამფუძნებელი ყრილობა ბიზნეს-ცენტრ "მოზაიკაში" მიმდინარეობს.

ღონისძიებაში მონაწილეობენ ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლები, ასევე პარტიის ლიდერები დავით ბაქრაძე, მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია და "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, ქალთა ორგანიზაციის ჩამოყალიბება მიზნად ისახავს ქალთა როლის გაძლიერებას პოლიტიკაში. "ქალების პოლიტიკაში მონაწილება მხოლოდ პოლიტიკა არ არის. ეს არის მიმართულება, სადაც ჩვენს მანდილოსნებს ღირსეული ადგილი უნდა ეკავოთ.

საქართველო არის თამარ მეფის ქვეყანა, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ქალის პატივისცემა მამაკაცის ღირსების ნაწილად ითვლებოდა. ამიტომ დღეს აუცილებელია საქართველოში ქალებს ეკავოთ ისეთივე ღირსეული ადგილი, როგორც ეს მთელი ისტორიის განმავლობაში იყო. ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით გზას ვუხსნით მეტ ქალს პოლიტიკაში. გზას ვუხსნით იმას, რომ ქალებს ჰქონდეთ ღირსეული თანამდებობები და ღირსეული საქმიანობის მეტი პერსპექტივა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.