რა ბედი ეწევა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გუშინ გასცა. ეს იმას ნიშნავს, რომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი, რომელმაც უფრო ადრე, საქართველოს მოქალაქეობაზეც თქვა უარი, ახლა როგორც სამართალსუბიექტი, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის, სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში და შიდასახელმწფოებრივ სივრცეში აღარ არსებობს.
Allnews.ge დაინტერესდა, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც არც ერთი ქვეყნის მოქალაქედ არ ითვლება? ამ კითხვით ჩვენ იურისტს ლევან ალაფიშვილს მივმართეთ.
იურისტის განმარტებით მოქალაქეობის არ მქონე პირი სულ მცირე გადაადგილების უფლებით ვერ ისარგებლებს.
"ვერ ისარგებლებს საბანკო მომსახურებით, სხვა ისეთი სერვისებით რომელიც საჭიროებს პირადობის დადასტურებას, ფუნდამენტური უფლებებითაც კი შეიძლება ვერ ისარგებლოს. ის როგორც სამართალსუბიექტი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში ისევე როგორც შიდასახელმწფოებრივ სივრცეში არ არსებობს, სტატუსი არ აქვს. სწორედ სტატუსიდან გამომდინარე შეექმნება ასეთ მოქალაქეს ყველა შესაძლო პრობლემა"- განმარტა ალაფიშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტულად მიხეილ სააკაშვილის შემთხვევას, იურისტის განმარტებით, მან უკრაინის მოქალაქეობის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლაც რომ გადაწყვიტოს, სტატუსის არ ქონის გამო, სასამართლოში სარჩელის შეტანასაც კი ვერ მოახერხებს.
"სარჩელის შეტანა რომ დასჭირდეს მოქალაქეობის დასაბრუნებლად, ამ სარჩელსაც კი ვერ წარადგენს სასამართლოში, იმიტომ რომ სტატუსი არ აქვს.
აქვე გასათვალისწინებელია, რომ ის თვითონ უკრაინაში ვერ ჩავა, რადგან შესაბამისი საბუთი აღარ აქვს, უკრაინაში ვიღაცამ უნდა აწარმოოს საქმე. ამისთვის მინდობილობა უნდა გასცეს, მაგრამ სტატუსის არქონის გამო მას მინდობილობის გაცემის საშუალებაც არ აქვს"- აღნიშნა ალაფიშვილმა.
იურისტის თქმით, ამ შემთხვევაში გამოსავალი შეიძლება იყოს, გაეროს მფარველოს ქვეშ შესვლა და მსგავსი სამართლებრივი პროცედურების წარმოების დაწყება. რისი უფლებაც გაეროს მფარველობის ქვეშ ყოფნისას მას უკვე ექნება. მაგრამ საქმეს ის ართულებს, რომ სააკაშვილის განცხადებით, ის არ აპირებს გაეროსთვის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოსთვის მოქალაქეობის ან მფარველობის მოპოვების მოთხოვნით მიმართვას.
"მთავარი ის არის რომ ადამიანი სადაც არ უნდა იყოს, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისარგებლოს ფუნდამენტური უფლებებით, უნდა ჰქონდეს ცხოვრების საშუალება და ამავე დროს უნდა იყოს სამართლებრივი მფარველობის ქვეშ-ეს არის მთავარი არსი. რა თქმა უნდა, მოქალაქეობის არ მქონე პირს შეუძლია მიმართოს რომელიმე სახელმწიფოს და მოითხოვოს იმ სახელმწიფოს მოქალაქეობა, ისევე როგორც მიმართოს და მოითხოვს სტატუსი გაეროს ფარგლებში. მაგრამ თვითონ ამ მოქალაქის ნების გარეშე, კონკრეტული სახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაცია ამაზე ვერ იმსჯელებს"- განმარტა იურისტმა ლევან ალაფიშვილმა.
პოროშენკომ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის თაობაზე განკარგულება გამოსცა
მიხეილ სააკაშვილი - მე ვიბრძოლებ უკრაინაში დაბრუნების კანონიერი უფლებისთვის