31 ორშაბათი - 2025, მარტი

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორად შენების დროა - დავით უსუფაშვილი | Allnews.Ge

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორად შენების დროა - დავით უსუფაშვილი

გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სწორად შენების დროა, - ამის შესახებ "შენების მოძრაობის" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, "შენების მოძრაობას" ადგილობრივ არჩევნებში 17 მუნიციპალიტეტში ჰქონდა პარტიული სიები წარდგენილი და წინასწარი მონაცემებით, 9 მათგანში დმანისში, გორში, ხარაგაულში, ონში, ჩოხატაურში, ფოთში, ჩხოროწყში, ხობსა და ხულოში მოძრაობის კანდიდატებმა გამარჯვება მოიპოვეს. რამდენიმე საკრებულოში კი "შენების მოძრაობა" ფრაქციებით იქნება წარმოდგენილი.

"ჩვენ არ გვქონდა და არც შეიძლებოდა გვქონოდა მაღალი საერთო ეროვნული შედეგის ამოცანა. ჩვენ ვიყავით ფოკუსირებული კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე და მათ უმრავლესობაში მივიღეთ საინტერესო შედეგები. მაგალითად, ჩოხატაურში ჩვენმა მერობის კანდიდატმა მიიღო ხმების 20 პროცენტი. მეტს ველოდით გორში და დმანისში, მაგრამ ორივე შემთხვევაში ფრაქციებს მაინც შევქმნით საკრებულოებში ", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

როგორც "შენების მოძრაობის" ლიდერმა აღნიშნა, "შენების მოძრაობის" მთავარი ამოცანა თბილისის არჩევნებში იყო პოლიტიკურ ცხოვრებაში ახლად ჩართული პროფესიონალების მიერ საარჩევნო გამოცდილების მიღება, რის გამოც მოძრაობას თბილისში პარტიული სიაც არ ჰქონდა წარდგენილი.

"მადლობას ვუხდი ყველა კანდიდატს, ვინც უთანასწორო ბრძოლაში ჩაება და ყველა ამომჩეველს, ვინც დიდი ავანსი გასცა და ჯერ კიდევ ფორმირების პროცესში მყოფ პოლიტიკურ გუნდს ნდობა გამოუცხადა. ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას ჩვენი გეგმის მიხედვით. ჩვენ ამ არჩევნებზე მოვიპოვეთ არა ხმები ან მანდატები, არამედ ათასობით თანამოაზრე, რომლებთან ერთადაც მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნებში წელში ბოლომდე გავიმართებით და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად არჩევნებს, უსუფაშვილის თქმით, "დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ფულმა და ძალაუფლებამ, ხოლო დამარცხდა თავისუფლება და თვითმმართველობა".

"ჩვენ არ ვუწყრებით და არ ვუბრაზდებით იმ თანამოქალაქეებს, რომლებმაც მატერიალური თუ სხვა კერძო სარგებლის მოსაპოვებლად თუ არ დასაკარგად გააკეთეს არჩევანი ან უარი თქვეს არჩევნებში მონაწილეობაზე. ჩვენ მათ ვპირდებით დახმარებას დაკარგული თუ დათმობილი თავისუფლების და ღირსების დაბრუნებაში. ჩვენ ვიზიარებთ და ვუერთდებით ოპოზიციურ "ლიდერთა საბჭოს" შეფასებებს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ შესაძლოა გვქონდეს განსხვავებული ხედვები დასკვნებისა და მომავალი პოლიტიკური ნაბიჯების შესახებ.

არც ნაცადი გზით საპროტესტო აქციები მოგვიტანს შედეგს და არც ნაცადი გზით არჩევნებში მონაწილეობა. "შენების მოძრაობა" ამ გაუკვალავ გზას გაკვალავს მომავალი 3 წლის განმავლობაში", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, "შენების მოძრაობამ" 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 17 მუნიციპალიტეტში ჰქონდა პარტიული სიები წარმოდგენილი, მათ შორის 9 მუნიციპალიტეტში ჩხოროწყუში, ხარაგაულში, დმანისში, გორში, ჩოხატაურში, ონსში,ფოთსა და ხულოში პროპორციული სიით საკრებულოში მოძრაობას წარმომადგენლები ეყოლება. აქედან 4 მუნიციპალიტეტის მაჟორიტარულ ოლქში: ფარცხნალის მაჟორიტარული ოლქში-ხარაგაული, ირგანჩაის მაჟორიტარული ოლქში-დმანისი, ხამისქურის მაჟორიტარული ოლქში-ხობი და ლეწურწუმეს მაჟორიტარული ოლქში-ჩხოროწყუ, მოძრაობის კანდიდატებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. რამოდენიმე მუნიციპალიტეტში სავარაუდოდ შეიქმნება ფრაქციებიც.