"როიტერსი" - თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ერთ-ერთი მოკლული, სავარაუდოდ, ახმედ ჩატაევია, - ამის შესახებ "როიტერსი" სამ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
"ჩვენი ვარაუდით, ერთ-ერთი მოკლული შეიარაღებული პირი შესაძლოა ახმედ ჩატაევი ყოფილიყო", - ამის შესახებ გამოცემას სუს-ის პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
მისი თქმით, საბოლოო დასკვნების გაკეთება მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც ექსპერტები მუშაობას დაასრულებენ და „გამოძიების პროცესში აშშ-ს შესაბამისი სპეცსამსახურები ჩაერთვებიან".
კიდევ ორმა წყარომ, რომლებმაც ანონიმურობის დაცვა მოითხოვეს, "როიტერსს" აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს.
"ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩატაევი იყო", - განაცხადა ერთმა წყარომ.
"ჩემი ინფორმაციით, იქ ჩატაევი იყო... მან თავი აიფეთქა", - აღნიშნა მეორე წყარომ.
თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული იქნა ტერორიზმში სამი ეჭვმიტანილი, დაიღუპა ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი. დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ ერთი წევრი, რუსეთის მოქალაქე საედ დუდაევი.
მკითხველის კომენტარები
(0)