
PR სამსახურების ცენტრალიზების მიზნით, მერიაში ახალი ა(ა)იპ-ი "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტო" იქმნება. სააგენტო თბილისის მერიის სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში შეიქმნება, რომლის პრეზენტაცია მერიამ დღეს გამართა. რეფორმის ფარგლებში, მერიის საქმიანობის მეტი გამჭვირვალობისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, განხორციელდება PR სამსახურების ცენტრალიზება.
რეფორმის ფარგლებში მერიის სტრუქტურული ერთეულებიდან, გამგეობებიდან, სსიპ-ებიდან, ა(ა)იპ-ებიდან და შპს-ებიდან მოხდება ამ ფუნქციის გამოტანა და მისი ცენტრალიზება ცალკე, ამ მიზნით შექმნილ ახალ ა(ა)იპ-ში "საზოგადოებასთან კომუნიკაციის განვითარების სააგენტოში".
ამასთან, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები - კომისიები და საბჭოები გაუქმდა. მერიამ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაცია გამართა.
რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.
გარდა ამისა, რეფორმის ფარგლებში, ორი საქალაქო სამსახური გაერთიანდება. როგორც დღეს გამართული პრეზენტაციისას გახდა ცნობილი, რეფორმის ფარგლებში განხორციელდება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებების მმართველობითი გაერთიანება.
ამასთან, მერიაში სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, კეთილმოწყობის სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური გახდა.
თბილისის არქიტექტურის სამსახურს კი ურბანული განვითარების მიმართულება გამოეყოფა. დედაქალაქის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციის ფარგლებში ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური იქმნება , რომლის ძირითადი მიმართულება ქალაქმშენებლობითი პროცესების მართვა იქნება.
როგორც მერიაში განმარტავენ, არქიტექტურის სამსახური მხოლოდ სერვისებზე ორიენტირებული სტრუქტურა გახდება.