ირაკლი სესიაშვილი - ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია
ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშორების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხდა.
ირაკლი სესიაშვილის თქმით, გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ დეპუტატებისთვის მნიშვნელოვანია ინფორმაცია მიიღონ საფრთხეების შესახებ, რასაც ამ წუთებში მათ საქართველოს სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის უფროსი აცნობს.
როგორც სესიაშვილმა აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები ინტენსიურ ხასიათს მიიღებს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიწყებთ ასეთ შეხვედრებს. პირველ რიგში, ეს გვჭირდება დეპუტეტებს, რომლებიც ვიღებთ გადაწყვეტილებებს. თავისთავად ცხადია, გვჭირდება ამომწურავი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე, რისკებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. ეს არის ზოგადი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე და რისკებზე, შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ კონკრეტულად თემატიკიდან გამომდინარე, თითოეული თემის ჩაშლას საფრთხეებზე და რისკებზე. ეს გვჭირდება დეპუტატებს, რომ საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისას ჩვენ ვიყოთ ინფორმირებულები.
ვსაუბრობთ ყველაფერზე, პირველი შეხვედრაა და ინფორმაციულად დატვირთულია. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ დღევანდელი შეხვედრა სწორი და ეფექტური იყო. დაზვერვის სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს, ბევრი რეფორმა გატარდა ბოლო პერიოდში. ვფიქრობ, თვეში ერთხელ ან ორ თვეში ერთხელ ამ შეხვედრებს გავაგრძელებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. უნდა გვქონდეს ადეკვატური ინფორმაცია რა ხდება რეგიონში, რა პოლიტიკური პროცესები მიდის და რა საფრთხეები არსებობს.
ჩვენ შეიძლება საფრთხეებზე ღიად ვერ ვისაუბროთ, მაგრამ ეს აუცილებლად აისახება იმ პოლიტიკაზე, რასაც ქვეყანა საერთო ჯამში გაატარებს.
რაც შეეხება საფრთხეებს, ყველას მოგვეხსენება, რომ ნომერ პირველი საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიებია. გარდა ამისა, რეგიონში დიდი სახელმწიფოების ინტერესთა კვეთაა, ამიტომ ამ პროცესში ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სწორი პოლიტიკა, რომლითაც დავიცავთ ჩვენს ქვეყენას. თემების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ", - განაცხადა სესიაშვილმა.