
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სტატუსის მინიჭების და სოციალური დახმარების ინიციატივას დადებითად აფასებს.
დავით სერგეენკო უმრავლესობის დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას ბათუმში გამოეხმაურა და განმარტა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება საჯარო განხილვისა და კონსულტაციების შემდეგ მიიღება.
"პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს და წინა მოწვევის კომიტეტსაც ყოველთვის წამყვანი პოზიციები ჰქონდათ დემოგრაფიის მხრივ გარკვეული პროექტების განხორციელებისას. მაშინ დემოგრაფიული ფონდიც კი ჩამოყალიბდა. რაც შეეხება ამ ინიციატივას, რა თქმა უნდა მისასალმებელია. ალბათ სამუშაო შეხვედრებიც იქნება, სადაც კონკრეტული პარამეტრები და საბიუჯეტო მობილიზაცია განისაზღვრება", - აცხადებს სერგეენკო.
მრავალშვილიან ოჯახებს სტატუსი მიენიჭებათ და სოციალურ დახმარებას მიიღებენ. შესაბამისის პროექტის ავტორები არიან დიმიტრი ხუნდაძე და აკაკი ზოიძე.
ხუნდაძის განცხადებით, კანონპროექტის შემუშავების მიზეზს წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერის საჭიროება.
მისივე ინფორმაციით, კანონპროექტის მიზანია სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრა და მრავალშვილიანი ოჯახების მხარდაჭერა. სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული იქნება მრავალშვილიანი ოჯახის ელექტროენერგიის სუბსიდია: მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 ბავშვი მიიღებს 20 ლარს ყოველთვიურად, ხოლო ხუთ ან მეტშვილიანი ოჯახი მე-5 და მომდევნო ბავშვზე - დამატებით 10-10 ლარს. საქსტატის მონაცემებით (2014 - საყოველთაო აღწერის შედეგები) 12369 შინამეურნეობაა, სადაც 4 და მეტი არასრულწლოვანი ცხოვრობს.