პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება
დეპუტატების მიერ პლენარული და საკომიტეტო სხდომების გაცდენებთან დაკავშირებული ნორმები მკაცრდება. გამკაცრება თავის მხრივ ე.წ. ოჯახური მდგომარეობის მიზეზით გამოწვეულ გაცდენებს დაუკავშირდება.
რეგლამენტში შესატანი ცვლილებები მზად არის, რომელიც დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება.
"სხდომების გაცდენებთან დაკავშირებით სანქციების გამოყენებას რეგლამენტი დღესაც ითვალისწინებს, თუმცა ეს პრაქტიკაში ჯერჯერობით არ მოქმედებს. მიზანი არ არის არც სანქციები და არც ვინმეს მიმართ საყვედურისა და გაფრთხილების მიცემა. ცვლილებების მიზანია, რომ სესიებზე და კომიტეტებზე დეპუტატები მოწესრიგებულად დადიოდნენ. დღეს არსებული ნორმის გათვალისწინებით, თუკი დეპუტატი წერს განცხადებას, რომ სხდომას ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება, ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ გაცდენა საპატიოდ ჩაეთვალოს.
ინიცირებული პროექტის მიხედვით, ეს იზღუდება და მხოლოდ იმის დაწერა, რომ დეპუტატი სხდომაზე ოჯახური პირობების გამო ვერ მოვა, დამაკმაყოფილებელი არ იქნება. ასეთ შემთხვევაში დეპუტატმა უნდა წარმოადგინოს კონკრეტული დოკუმენტი იქნება ეს სამედიცინო ფურცელი, ოჯახის წევრის გარდაცვალებასთან, თუ რაიმე უბედური შემთხვევის დამადასტურებელი ცნობა. ძალიან კონკრეტდება მიზეზები, რის გამოც პარლამენტის წევრს სხდომების გაცდენა შეიძლება საპატიოდ ჩაეთვალოს", – განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ საპატიო მიზეზებით გაცდენის შეზღუდვის მცდელობა წინა მოწვევის პარლამენტსაც ქონდა. მომზადდა რეგლამენტში შესაბამისი ცვლილებები, თუმცა, პროექტი განხილვის პროცესში გაჩერდა.
მკითხველის კომენტარები
(0)