ფარულ ჩანაწერებში საუბარია იმაზე, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა
ფარულ საგამოძიებო ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ განუცხადა. ფხაკაძის განცხადებით, დღეს სასამართლო პროცესზე გამოკვლეული ვიდეომასალა და სხვა გარემოებები ადასტურებს ბრალდებულ პირთა ბრალეულობას, რასაც ბრალდების მხარე დასკვნით სიტყვაშიც გამოიყენებს.
"დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეულ იქნა სამ პირთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება, კერძოდ: მათი საუბრების ამსახველი ვიდეო მასალა. აღნიშნულ მასალაში ასახული ინფორმაცია, ასევე სხვა მტკიცებულებები, ბრალდების მხარეს ერთობლიობაში აძლევს საფუძველს, რათა დაასკვნას და დაცვით სიტყვაში გამოიყენოს მტკიცებულებები და სასამართლოს მიეცეს შესაძლებლობა, რომ გამოიტანოს გამამტყუნებელი განაჩენი.
აღნიშნულ ფარულ ჩანაწერებში ხსენებული პირები საუბრობენ იმის შესახებ, თუ რა ვითარებაში მოხდა ხორავას ქუჩაზე მკვლელობა, როგორ და რა ვითარებაში მოხდა დანის გამოყენება", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე, დღევანდელ პროცესზე მხარეებმა საქმეში არსებული აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გამოიკვლიეს.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ კი განაცხადა, რომ გამოძიების მიერ მოპოვებული აუდიო მტკიცებულება ადასტურებს, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ დანაშაულის ჩადენაში.
"ყველა ეს აუდიო მტკიცებულება, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდების მხარის მიერაა მოპოვებული, ადასტურებს დაცვის მხარის პოზიციას და გამორიცხავს ბრალდების მხარის პოზიციას. ეს მტკიცებულებები ადასტურებს ბევრ ისეთ გარემოებას, რომელიც ზუსტად ჯდება დაცვის მხარის სტრატეგიაში და ზუსტად ჯდება იმ ჩვენებაში, რომლის მიცემასაც სასამართლოზე ბრალდებულები აპირებენ. ეს მტკიცებულება ადასტურებს იმასაც, რომ დანა სხვებსაც ჰქონდათ და ასევე ადასტურებს იმასაც, რომ სხვა პირები, დიდი ალბათობით მონაწილეობდნენ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლოზე ასევე გამოკვლეული იქნება სხვა მტკიცებულებები, რომელთა ერთობლიობით, ჩემი აზრით სასამართლომ უტყუარად უნდა დაინახოს, რომ სხვა პირებმა მიაყენეს კონკრეტულ პირს ჭრილობები. სამწუხაროდ ეს პირები არ არიან პასუხისგებაში მიცემულები, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი მტკიცებულება არსებობს", - განაცხადა კაკაბაძემ და აქვე დასძინა, რომ გამოძიება თავიდანვე ობიექტურად რომ ჩატარებულიყო, დანაშაულის ჩამდენი პირები პასუხისგებაში აუცილებლად მიეცემოდნენ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად 2 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 2 დეკემბერსვე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე 2001 წელს დაბადებული ერთი არასრულწლოვანი დააკვა და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენა. მოგვიანებით ძებნა გამოცხადდა კიდევ ერთ არასრულწლოვანზე, რომელსაც ბრალი განზრახ მკვლელობაში დაუსწრებლად წარედგინა. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ძებნაში მყოფი არასრულწლოვანი, გ.ჯ. პოლიციას 4 დეკემბერს ჩაბარდა.