რას წერს რუსული გამოცემა კახა კალაძეზე?
რუსული გამოცემა GQ თბილისის მერ კახა კალაძეზე სტატიას აქვეყნებს სათაურით "კახა კალაძე - ყველაზე მოდური მერი მსოფლიოში (და სცადეთ შედავება)".
მილანის ყოფილი მცველი, ახლა უკვე თბილისის მერი კახა კალაძე, პრობლემების წინაშე უკან არ იხევს, ისინი კი საქართველოს დედაქალაქში არც თუ ისე ცოტაა - ნათქვამია სტატიაში.
გამოცემა თბილისის მერს პირისპირ შეხვდა და ინტერიუ საკრებულოს შენობის მეორე სართულზე კალაძის სამუშაო ოთახში ჩაწერა, რომელშიც გამოცემის თქმით, მწირი ავეჯი, პლაზმური ტელევიზორი, და საქართველოს ხედების ფოტოალბომები იყო.
გამოცემით თქმით, ინტერვიუს ჩაწერამდე კახა კალაძე GQ-ის კამერისთვის პოზირებდა. დედაქალაქის მერმა სტილისტის მომსახურებაზე უარი თქვა და გადამღებ ჯგუფს სამუშაო ფორმაში დახვდა - ნაცრისფერ სვიტერში, უბრალო შავ პიჯაკსა და კლასიკური მოდელის "ადიდასის" ბოტასებში გამოწყობილი.
ფოტოსესიისას კალაძეს თავი მშვიდად ეჭირა, ზედმეტი სიტყვებისა და მოძრაობის გარეშე, რამაც GQ-ის იმის თქმის საფუძველი მისცა, რომ ეს დედაქალაქის მერის ცხოვრებაში პირველი ფოტოსესია არ იყო. გადაღების დასრულების შემდეგ კალაძემ ფოტოები დაათვალიერა და რეპორტიორს იმ ფოტოების დაუყოვნებლივ წაშლა მოსთხოვა, რომლებიც მას არ მოეწონა.
გამოცემის თქმით, კახა კალაძის კარიერა ფეხბურთით დაიწყო, ფეხბურთი კი მისთვის მშობლიურ ქალაქ სამტრედიაში დაიწყო. GQ-ის თქმით კახა კალაძის მამა კარლო კალაძე ადგილობრივ გუნდ "ლოკომოტივში" თამაშობდა, მოგვიანებით კი მისი ხელმძღვანელი გახდა. ამ დროს მისი შვილი ბურთით ეზოში თამაშობდა და დიდ კლუბში მოხვედრაზე ოცნებობდა.
ამასთან, როგორც რუსული გამოცემა წერს, კახა კალაძემ საფეხბურთო კარიერა 12 წლის ასაკში "ლოკომოტივის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. კალაძის საყვარელი ფეხბურთელები არგენტინელი დიეგო მარადონა და იტალიელი პაოლო მალდინი იყვნენ. იმ დროს ქართველ მოზარდს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ 15 წლის შემდეგ სახელგანთქმული მალდინი იმ გუნდის კაპიტანი გახდებოდა, რომლშიც კალაძე ითამაშებდა. კალაძის ბავშვობის ოცნებამ ახდენა თბილისში დაიწყო. "როდესაც 13 თუ 14 წლის ვიყავი მითხრეს რომ ჩემგან ფეხბურთელი არ გამოვიდოდა, იმ დროს საცხოვრებლად დეიდასთან გადავედი, რომელიც თბილისის სიახლოვეს ცხოვრობდა. მამამ თბილისის "დინამოს" მესამე გუნდში მიმიყვანა, სადაც თავის გამოჩენის შესაძლებლობა მომცეს. რამდენიმე ვარჯიშის შემდეგ დარჩენის უფლება მომცეს. ბევრს ვვარჯიშობდი: როდესაც გაწერილი წვრთნები სრულდებოდა, ვრჩებოდი და დამატებით ვვაჯიშობდი" - ამბობს კახა კალაძე GQ-სთან ინტერვიუში. ძალისხმევამ და შრომამ ნაყოფი გამოიღო და 16 წლის ასაკში "დინამოს" ძირითად შემადგენლობაში კალაძის დებიუტი შედგა.
20 წლის ასაკში კიევის "დინამოში" გადავიდა, სადაც ცნობილ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოს დაუმეგობრდა. 2001 წლის იანვარში კი შევჩენკოს შემდეგ იტალიურ "მილანში" წავიდა.
გამოცემამ თავის სტატიაში კახა კალაძის მიღწევები და ჯილდოები ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ ქართველი ფეხბურთელი ორჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, იყო იტალიის ჩემპიონი, იტალიის თასის მფლობელი და ა.შ.
ამასთან, გამოცემის თქმით, მილანში გადასვლის მიუხედავად კალაძეს სამშობლო არ დაუვიწყებია და 2008 წელს ფეხბურთელმა, რომელიც პარალელურად წარმატებული ბიზნესმენი გახდა, თბილისში საქველმოქმედო ფონდი საბავშვო ფეხბურთის განვითარებისა და ობოლთა დასახმარებლად, კომერციული ბანკი და საინვესტიციო კომპანია გახსნა. "გულწრფელად გეტყვით, ჩემი ქვეყნისა და ხალხის მოვალე ვარ"- განუცხადა კალაძემ GQ-ის კითხვაზე, წარმატებული ბიზნესის მიუხედავად რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში წასვლა,-" ყოველთვის ვინტერესდებოდი რა ხდებოდა ჩემს ქვეყანაში: რა რეფორმები ტარდებოდა, რა პრობლემები იყო. როდესაც ინტერვიუს ვაძლევდი ყოველთვის ღიად ვპასუხობდი, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ვფიქრობდი. ამის გამო ბევრი მაკრიტიკებდა და ამბობდა, რომ სპორტსმენი ვიყავი და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში არ უნდა ჩავრეულიყავი." თუმცა კალაძე პოლიტიკაში მაინც ჩაერთო და 2011 წელს პოლიტიკურ მოძრაობა "ქართულ ოცნებას" შეუერთდა.
"ქვეყანაში ცხოვრება უკვე შეუძლებელი იყო, თუ მიხეილ სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელებივით არ ფიქრობდი, ერის მტრად გაცხადებდნენ. სრული განუკითხაობა სუფევდა. ადამიანები შუაღამისას სახლებიდან გამოჰყავდათ და ნოტარიუსთან ბიზნესის გადასაფორმებლად მიჰყავდათ. სააკაშვილის დროს საქართველო ევროპაში პირველ ადგილზე იყო პატიმართა რაოდენობით: 3,5 მილიონი მოსახლეობიდან 300 ათასი საპატიმროში იყო. ქვეყანაში არ იყო დარჩენილი ოჯახი, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმი არ შეეხო და არ იყო ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც რაიმეს შეცვლის ძალა დარჩებოდა. "ქართული ოცნება" ერთადერთი ნათელი სხივი გახდა" - აღნიშნა კახა კალაძემ.
2012 წლის საპარლამენტო არჩვნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ, კახა კალაძემ ენერგეტიკის მინისტრისა და ვიცე-პრემიერის პოსტები დაიკავა. გამოცემის თქმით ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე კალაძის დნიშვნას სკეპტიკურად შეხვდნენ, თუმცა როგორც დრომ აჩვენა კალაძემ მოვალებას თავი გაართვა: საქართველოში რუსული გაზი დაბრუნდა, ამასთაავე ქვეყანაში აქტიურად დაიწყო ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რომელსაც მომავალში ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უნდა უზრუნველეყო.
უკვე 2017 წელს "ქართულმა ოცნებამ კალაძის კანდიდატურა დედაქალაქის მერის პოსტზე წარადგინა. გამოცემის თქმით, ხმები დადიოდა, რო პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი კალაძის კანდიდატურის მოწინააღმდეგე იყო. თუმცა ამის მიუხედავად ყოფილმა ფეხბურთელმა გამარჯვების მოპოვება აქაც შეძლო.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ ყველაზე დიდი სიმდიდრე რაც მაქვს, ჩემი ოჯახი, მეუღლე და ბავშვებია და ხალხის კეთილგანწყობა ჩემდამი. ამას ძალიან ვაფასებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ის არ დავკარგო და არ გავანადგურო" აღნიშნა კალაძემ ინტერვიუსას. გამოცემამ თავის სტატიაში კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანია და დაპირებებიც განიხილა და მომავალი ცვლილებების მოლოდინში დედაქალაქის მერს დაემშვიდობა.