რა გამოცდის ჩაბარება მოუწევთ საჯარო მოხელეობის მსურველებს საქართველოში?
მთავრობამ პროფესიულ საჯარო მოხელეთა სერტიფიცირების ჩატარების წესი და თემატიკა დაამტკიცა.
როგორც მთავრობის 22 მაისის დადგენილებაშია აღნიშნული, სერტიფიცირების მიზანია მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირის ცოდნის დონისა და ზოგადი უნარების შემოწმება.
აღსანიშნავია, რომ სავალდებულო სერტიფიცირებას ექვემდებარება მოხელის თანამდებობაზე დასაქმების მსურველი პირი, რომელიც არის საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, შეუსრულდა 18 წელი და აქვს საშუალო განათლება მაინც. ხოლო სერტიფიცირების გავლის ვალდებულება არ წარმოეშობა - მოქმედ მოხელეს, ყოფილ მოხელეს, უმაღლესი განათლების მქონე პირს და პირს, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები.
დადგენილების მიხედვით, სერტიფიცირების მიზნებისთვის ყოფილ მოხელედ მიიჩნევა პირი, რომელსაც გააჩნია სამსახურის სტაჟი, რაც შესაბამისი საჯარო დაწესებულების ან/და სსიპ−საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დასტურდება.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, სასერტიფიკატო გამოცდა ელექტრონული ტესტირების ფორმით ტარდება. ტესტური დავალებები შეირჩევა სერტიფიცირების თემატიკის შემდეგი სამი კომპონენტიდან (დარგიდან): სახელმწიფო ენა, სამოქალაქო განათლება და ზოგადი უნარები. თითოეულ ტესტში კი იქნება არაუმეტეს 15 ტესტური დავალება სახელმწიფო ენიდან, 20 ტესტური დავალება − ზოგადი უნარებიდან და 15 ტესტური დავალება − სამოქალაქო განათლებიდან.
აღსანიშნავია, რომ სასერტიფიკატო გამოცდა ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე პირი შეკითხვების 50%-ს მაინც უპასუხებს სწორად. სასერტიფიკატო გამოცდაში მონაწილე იმ პირს კი, რომელმაც ვერ ჩააბარა გამოცდა, სასერტიფიკატო გამოცდის ხელახლა ჩაბარების უფლება ორი თვე არ ექნება. ამ ვადის გასვლის შემდეგ სერტიფიცირების გავლის მსურველი პირი ხელახლა გადის ელექტრონულ რეგისტრაციას ამ წესით დადგენილი პროცედურების დაცვით.
დადგენილებაში ასევე განსაზღვრულია თემატიკა, თუ რისი ჩაბარება მოუწევთ პროფესიულ მოხელეებს სერტიფიცირებისას.
"სერტიფიცირების თემატიკა სახელმწიფო ენაში მოიცავს - ქართული ენის მართლწერას; პუნქტუაციასა და სტილსა და ლექსიკას. სამოქალაქო განათლებაში - სახელმწიფოსა და სამართლის ძირითად საკითხებს; საჯარო მმართველობას; დემოკრატიას და სამოქალაქო საზოგადოებას; საქართველო და საერთაშორისო ორგანიზაციებს; ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას; ხოლო ზოგად უნარებში შედის: ვერბალური ნაწილი - ლოგიკა, წაკითხული ტექსტის გააზრება; მათემატიკურ ნაწილში კი - რაოდენობრივ მონაცემთა ანალიზი, მონაცემთა საკმარისობის შეფასება, შეფარდება და პროპორცია, რიცხვის ნაწილი და პროცენტი", - აღნიშნულია დადგენილებაში.
საკითხზე სამოქალაქო სექტორის კრიტიკა წაიკითხეთ bpn.ge-ზე