ვინ არის დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა აქვს | Allnews.Ge

ვინ არის დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში ყველაზე მეტი არასაპატიო გაცდენა აქვს

მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველივე წელს პლენარული სხდომების საპატიო მიზეზით გაცდენის 2 119 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან ოჯახური მდგომარეობის მითითებით იყო - 1 430 შემთხვევა, რაც საპატიო მიზეზით გაცდენილი შემთხვევების 68%-ია.

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მომზადებულ პარლამენტის საქმიანობის შეფასების ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2016 წლის 18 ნოემბრიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. ანგარიში IX მოწვევის პარლამენტის პირველი წლის საქმიანობას ასახავს.

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, პლენარული და კომიტეტის სხდომები საპატიო მიზეზით ყველაზე ხშირად კობა ნაყოფიამ (ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა") გააცდინა.

არასაპატიო მიზეზით კი პლენარული სხდომის ყველაზე მეტი გაცდენა აქვს შოთა შალელაშვილს (უმრავლესობა).

ვინ არის შოთა შალელაშვილი? როგორც პარლამენტის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, შალელაშვილი 1959 წელს დაიბადა, დამთავრებული აქვს მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტი. რაც შეეხება გამოცდილებას, პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მისი სამუშაო გამოცდილება ასეთია:

-შპს "სავინიონის" დირექტორი (2014 - 2015)

-შპს "სანტრეას" დირექტორი (2009 - 2014)

-"ტრანსსერვისის" დირექტორი (2005 - 2009)

-შპს "ოპალლის" დირექტორი (2002 - 2005)

-"დაგრეგოს" გენერალური დირექტორი (2000 - 2002)

-"ინტერის" დირექტორი (1995 - 1999)

-მრავალდარგობრივი კომპანია "სოფას" გენერალური დირექტორი (1993 - 1995)

-მოსკოვის კომერციული ბანკის "პროგრეს-ბანკის" ვიცე-პრეზიდენტი (1991 - 1993)

-ასოციაცია "საქართველოს" სამტრედიის ფილიალის დირექტორი (1989 - 1991)

-სამტრედიის რაიკოოპერატივის თავმჯდომარის მოადგილე (1987 - 1989)

-სამტრედიის საკონსერვო კომბინატის ინჟინერ-ტექნოლოგი (1985 - 1987)

-მოსკოვის ბაკუნინის სახ. კვების კომბინატის საამქროს უფროსი (1984 - 1985)

-მოსკოვის კვების მრეწველობის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტი (1978 - 1987)

-სამტრედიის რაიკავშირის უნივერმაღის მუშა (1976 - 1978).

იგი 2016 წელს გახდა ფრაქცია "ქართული ოცნება - მრეწველების" წევრი. 2017 წელს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი.

რაც შეეხება მის ქონებას, 2017 წლის 30 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მას 2016 წლის 18 ნოემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით აღებული აქვს პარლამენტის წევრობიდან 5550,04 ლარის ოდენობის ხელფასი.

2017 წელს 153 000 ევროდ ნაყიდი აქვს მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Maybach S 560. 2016 წელს კი თბილისში ნაყიდი აქვს, 480 000 დოლარად ბინა.

გარდა ამისა, შოთა შალელაშვილი და მისი მეუღლე ირა ფიჩხაძე ფლობენ არაერთ უძრავ ქონებას.