განათლების მინისტრი მაია მიმინოშვილის და მოადგილეების გათავისუფლების მიზეზს განმარტავს
ჩემი მოსვლის პირველივე დღიდან გავაკეთე განცხადება სისტემაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, ეს შეეხებოდა როგორც გრიფირების პროცესს, სკოლებში არსებულ ტექნიკურ სხვადასხვა დარღვევებს, - ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჟურნალისტების შეკითხვა ეხებოდა იმას, თუ რამ განაპირობა საკადრო ცვლილებები, რომლის შესახებაც მიხეილ ბატიაშვილმა ისაუბრა.
მიხეილ ბატიაშვილის თქმით, უახლოეს დღეებში ჩატარდება რეფორმის პრეზენტაცია და დაიწყება იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც, მისივე შეფასებით, სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.
"სისტემისთვის, იმისთვის, რომ რეფორმების სწრაფად განხორციელება დავიწყოთ, ძალიან მნიშვნელოვანია სისტემური ცვლილებები და ვფიქრობთ, რომ დღევანდელი ცვლილებები ეს არ არის საბოლოო. ცვლილებები გაგრძელდება. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ დავიწყოთ უსწრაფესი ნაბიჯებით რეფორმების განხორციელება.
ასევე მინდა გითხრათ, რომ უახლოეს დღეებში იქნება ჩვენი რეფორმის პრეზენტაცია და დაიწყება იმ ნაბიჯების განხორციელება, რომელიც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში ხელს შეუწყობს სისტემის გაჯანსაღებას. როგორც ვთქვით, ეს ცვლილებები განხორციელდება ახალ გუნდთან ერთად, რომელიც ვფიქრობთ, რომ უსწრაფეს რეჟიმში დაიწყებს რეფორმების ნაბიჯების გადადგმას", - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობებს განათლების მინისტრის მოადგილეები - თემურ მურღულია და ლია გიგაური ტოვებენ. ამასთან, მინისტრის გადაწყვეტილებით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ასევე, თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი და ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენდირექტორი მანანა მიქაბერიძე.
"განთლების ხელმისაწვდომობის და ხარისხის არსებითი ზრდა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კონკურენტუნიარიანი განათლების სისტემის შექმნა, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგება, რისთვისაც იგეგმება არაერთი უმნიშვნელოვანესი რეფორმა. შესაბამისად, ამ პროცესს ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი საკადრო პოლიტიკა სჭირდება.
მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას გაწეული სამუშაოსთვის. მოადგილეების რაოდენობა სამინისტროში მცირდება და შვიდის ნაცვლად იქნება ხუთი მოადგილე, თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ცვლილებები ასევე გაგრძელდება და უახლოეს პერიოდში ასევე ვიხილავთ დანარჩენ ცვლილებებს. უახლოეს მომავალში ასევე მოგაწვდით ინფორმაციას სისტემაში ახალ კადრებთან დაკავშირებით, დანიშვნები მოხდება შესაბამისი პროცედურების გათვალისწინებით", - განაცხადა ბატიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები
(19)
სწორედ ბავშვების გამოსალენჩებლად მოჰყავთ ეს "ახალ-ახალი" მინისტრები. მე უკვე არავისი არ მჯერა. დაიღუპა ქვეყანა.
ვნახოთ, გვარს როგორ გაამართლებს, "განათლების" მინისტრი. განათლება პრიორეტული ყოფილა სახელმწიფოსთვის, და რა დედა ენას ტენიან იაკობ გოგებასვილის ერს. რატომ არ ისმის ქვეყანაში, თქვენი მოსაზრება, ახალო "გენიოსო" მინისტრო.