"ესენი ეპრანჭებიან დათვს, მაგრამ დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს" - როგორ აფასებენ ექსპერტები რუსეთის მიერ ფრენების აღდგენასა და სავიზო რეჟიმის გაუქმებას
რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი 2023 წლის 15 მაისიდან გაუქმდება. განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკვე მოაწერა.
რუსეთში შესასვლელად საქართველოს მოქალაქეებს დასჭირდებათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი: საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი, ასევე მეზღვაურის პასპორტი. სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობის, ან სწავლის მიზნით რუსეთში შესვლისთვის, ვიზა მაინც იქნება საჭირო.
პუტინის განკარგულებით, მოხსნილია შეზღუდვები ავიამიმოსვლაზე, რომელიც 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ დაწესდა. ამ დოკუმენტის მიხედვით, აღნიშნული შეზღუდვის შესახებ პუტინის ბრძანება ბათილადაა ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები რუსეთმა 2019 წელს შეწყვიტა მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვას საზოგადოების დიდი მღელვარება და პროტესტი მოჰყვა. რუსული მხარე ბოლო დროს აქტიურად საუბრობდა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესახებ, რასაც მმართველ პარტიაში მიესალმებოდნენ და ამას იმით ხსნიდნენ, რომ ეს აქტი რუსეთში მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის შეღავათი იქნებოდა.
რას ნიშნავს ეს განკარგულება და რა მიზანი აქვს ოკუპანტი რუსეთის პრეზიდენტს, ამის შეფასება პოლიტოლოგებს ვთხოვეთ:
გია ხუხაშვილი:"ინტეგრაცია ჩვეულებრივ გრძელდება დათვის პრინციპით - წინასწარ თუ მოემზადები, თვითონ ჩახტები ქვაბში და კარგად მოიხარშები, დათვი ასე უფრო გემრიელად შეგჭამს, უმი ხორცის ჭამას მოხარშული სჯობს. ესენი თვითონ ეპრანჭებიან დათვს, ისიც გულში იხუტებს ჩვენს ხელისუფლებას, მაგრამ როგორც არ უნდა გაეპრანჭო, დათვის პრინციპი ასეთია - ბოლოს მაინც შეგჭამს. პუტინის მიზანი დიდი ხანია ცნობილია - სსრკ-ს აღდგენა და ჩვენც პირდაპირ ვეძლევით პირში, მეტი არაფერი. ფაქტია, რომ ნელ-ნელა, რბილი ძალით მიდის ქვეყნის ოკუპაცია, რასაც "ოცნება“ მიესალმება. პუტინმა "ოცნება“ ლოიალობისთვის და იმ პოლიტიკისთვის დააჯილდოვა, რა პოლიტიკაც აქვს რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების დღიდან. მთელი მსოფლიო რუსეთს ემიჯნება და ჩვენ მას ვეხუტებით - აი, ამისთვის დააჯილდოვა ესენი“. იხილეთ სრულად