ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება
ბრიუსელში დღეს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მერვე სხდომა გაიმართება, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული. დღის წესრიგის თანახმად, სხდომა ბრიუსელის დროით 11:00 საათზე დაიწყება.
სხდომას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება.
„შეხვედრა ფოკუსირებული იქნება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ და დარგობრივ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე და კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზე. შეზღუდულ სესიაზე ევროკავშირისა და საქართველოს წარმომადგენლები გაცვლიან მოსაზრებებს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე, განსაკუთრებით რეგიონულ საკითხებსა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.