"უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები" - რას აცხადებს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული? | Allnews.Ge

"უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი შეიძლებოდა ყოფილიყო - იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები" - რას აცხადებს უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული?

თუ ობიექტურად შევაფასებთ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობას, ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბევრად უფრო ხარისხიანი და უკეთესი, - ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

რწმუნებულის შეფასებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას უნდა ჩაახშოს საქართველოსა და უკრაინას შორის ოდესღაც სამაგალითო ურთიერთობები.

მინდა იცოდეთ, რომ უკრაინა არ არის იმის წინააღმდეგი, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობები ხორციელდებოდეს ელჩების დონეზე, - განუცხადა საქართველოში უკრაინის საქმეთა ახალმა რწმუნებულმა „ინტერპრესნიუსს“ და იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა აღმოფხვრაც კიევს მნიშვნელოვნად მიაჩნია.

არის თუ არა ჯერ ისევ ამ ფაქტორებს შორის მიხეილ სააკაშვილის საკითხი? რას ფიქრობენ უკრაინაში საქართველოს მთავრობის მოწოდებაზე ზურაბ ადეიშვილისა და გიორგი ლორთქიფანიძის ქართული მხარისთვის გადაცემასთან დაკავშირებით? როგორ აფასებენ ოფიციალურ კიევში საქართველოს ხელისუფლების ამჟამინდელ კურსს, რომლის გადაწყვეტილებებშიც, რწმუნებულის მტკიცებით, ყველაზე თვალშისაცემი, რუსეთთან დიდი ხნის განმავლობაში შეწყვეტილი ფრენების აღდგენა აღმოჩნდა, ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ვრცლად ინტერვიუში.

- უპირველეს ყოვლისა, მინდა გკითხოთ უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვთავაზობთ მკითხველს ახალ ამბებსპროცესების განვითარების შესახებ, მაგრამ საინტერესოა თქვენი შეფასების მოსმენა, რა ვითარებაა ახლა უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რომ კურსკის მიმართულებით დაიძრა საბრძოლო მოქმედებები. მსურს გკითხოთ, გაქვთ თუ არა წინსვლა როგორც თავად უკრაინის ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე?

- მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს ჰოლდინგს იმისთვის, რომ მომეცა საშუალება რამდენიმე სიტყვა ვთქვა უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით, ასევე გავესაუბრო თქვენი ჰოლდინგის საშუალებით თქვენს აუდიტორიას. ვფიქრობ, ჩვენმა საუბარმა შეიძლება გარკვეული შედეგი - დაინტერესება მოიტანოს თქვენი მსმენელების, მაყურებლებისა და მკითხველების მხრიდან.

რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მე მას რამდენიმე ნაწილად დავყოფდი. პირველი, რაც აზრად მომივიდა არის ის რომ, დღეს ომის ძალიან ბევრი სხვადასხვა ფორმა არსებობს. ისინი აბსოლუტურად განსხვავდება ვირტუალური თამაშებისგან და პატარა კონფლიქტებისგან, სადაც პროქსი თუ პარამილიტარული ფორმირებებია ჩართული. დღეს უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ.

თუ XXI საუკუნის დასაწყისს ავიღებთ, ომების ისეთ მდგრად სახეობებს, როგორიცაა კიბერ ომი, ატომური ომი, ცივი ომი, დაემატა ისეთი ცნება, როგორიცაა ჰიბრიდული ომი. თითქმის ყველა ეთანხმება განმარტებას, რომ ჰიბრიდული ომი მიმართულია არამხოლოდ მოწინააღმდეგის, ცოცხალი ძალის განადგურებისკენ, მისი ინფრასტრუქტურის განადგურებისკენ და ტერიტორიების დაპყრობისკენ, არამედ იმისკენ, რაც კიდევ უფრო ზიანის მომტანია ქვეყნისთვის, რომელიც აგრესიის ქვეშაა მოქცეული, ეს არის ქვეყნის, მისი ხალხის, პირველ რიგში, მისი ხელმძღვანელობის დისკრიმინაცია მსოფლიო საზოგადოების თვალში. შემდეგ მოდის ბზარის შეტანა პოლიტიკურ ელიტაში, ხალხის ეჭვის, უნდობლობის გაღვივება პოლიტიკურ ელიტასთან, ხელმძღვანელობასთან მიმართებაში და დისკრედიტაცია მთელს მსოფლიოში. ამას ზოგჯერ გაცილებით უფრო მეტი ეფექტი აქვს, განსაკუთრებით აგრესიის ტერიტორიაზე, თუ ომის დროს, ვიდრე თავად ფიზიკურ აგრესიას.

დღეს, თუ დავუბრუნდებით ომს, რუსეთმა 2022 წელს სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ გამოიყენა ფაქტობრივად ომის ყველა სახეობა, გარდა, ღმერთმა ქნას, რომ ასე მოხდეს, ბირთვული ომისა და ბიოლოგიური იარაღისა. თუმცა თუ გახსოვთ, 2022 წლის დასაწყისში რუსი პროპაგანდისტები კომიკურად ცდილობდნენ თავისი მომხმარებლებისთვის თავს მოეხვიათ იდეა იმის შესახებ, რომ უკრაინა იყენებს საბრძოლო კოღოებსა და საბრძოლო მტრედებს. ისინი ამგვარად ცდილობდნენ ზომბირებული საზოგადოებისთვის, აუდიტორიისთვის თავს მოეხვიათ აზრი რუსეთის მხრიდან ასევე ბიოლოგიური იარაღის გამოყენების მართლზომიერების შესახებ. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ რუსეთი არ ერიდება ასევე ქიმიური იარაღის გამოყენებას უკრაინელი დამცველების წინააღმდეგ.

როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, მათ არაფერი გამოუვიდათ. უკრაინელმა ხალხმა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის ეროვნულმა გვარდიამ, უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ძალებმა არა მხოლოდ სწრაფად გააქარწყლეს მითი რუსეთის სიძლიერეზე, რუსეთის ჯარის უძლეველობაზე, არამედ რუსეთის სატელიტების მითებიც „კიევის სამ დღეში“ აღების შესახებ.

უკრაინულმა ჯარმა, თუკი სწორედ 2022 წელს ავიღებთ, გაათავისუფლა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების 50%-ზე მეტი. ეს ძალიან დიდი ტერიტორიაა. მე არ დავასახელებ ოლქებს, სადაც შევიდნენ რუსული ჯარები. უკრაინამ რუსული ჯარები ხერსონიდან დნიპროს მარცხენა სანაპიროზე განდევნა. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რამაა, რაც გვაძლევს საშუალებას უზრუნველვყოთ უსაფრთხოების თვალსაზრისით არა მხოლოდ უკრაინა, არამედ ევროპის მთელი რეგიონი. უკრაინამ გაათავისუფლა ხარკივის ოლქი, ეს საკმაოდ მძლავრი ოპერაციები იყო, იმიტომ რომ, ისინი საშუალებას გვაძლევს რუსული იმპერიული ძალების მიერ ყოფილი პოსტსაბჭოური ქვეყნების ტერიტორიებზე თავდასხმის თავიდან აცილება მოხდეს და არამხოლოდ პოსტსაბჭოური, არამედ პოსტიმპერიული ქვეყნებისა, რომლებიც რუსული იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ.

მე ვახსენე ხარკივის ოლქი. ახლა რუსეთი აწარმოებს ეგრეთწოდებულ შეტევას ხარკივის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში. მაისში დაიწყეს. ორი პატარა მონაკვეთია, რამდენიმე კილომეტრია, რუსები უეცრად შევიდნენ ნაცრისფერი ზონაში, მაგრამ ტერიტორიების ეს პატარა მონაკვეთებიც კი ხარკივის ჩრდილოეთში, რამდენიმე კილომეტრი, ცოცხალი ძალის 20 000-ზე მეტ დანაკარგად დაუჯდათ. ზოგადად უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთის დანაკარგი, დღეის მონაცემებით, თითქმის 600 ათასს შეადგენს. ეს შეუქცევადი დანაკარგებია, მოკლულებზეა საუბარი.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრაქტიკულად ყველა დაზვერვა რუსების დანაკარგთან დაკავშირებით ასახელებს შემდეგ რიცხვს - ნახევარ მილიონზე მეტი. გაამრავლეთ ეს რიცხვი კლასიკურ სამზე და გეცოდინებათ რუსეთის როგორც შეუქცევადი, ისე სანიტარული დანაკარგების მინიმალური რაოდენობა. ეს კოლოსალური რიცხვია.

უკრაინულმა ჯარმა გააქარწყლა მითი შავი ზღვის ფლოტის უძლეველობის შესახებ. დღეს რუსული ფლოტი იძულებულია თავისი ხომალდები გადაიყვანოს ნოვოროსიისკში და, სამწუხაროდ, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, თავის ბაზაზე ოჩამჩირეში საქართველოს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინამ სამუდამოდ დაასამარა რუსული წყალქვეშა ნავი „როსტოვ-ნა-დონუ“, რომელიც ჩაიძირა კრეისერი „მოსკვას“ და რუსეთის ფედერაციის კიდევ 28 ხომალდის კვალდაკვალ. ეს არ იყო უბრალოდ წყალქვეშა ნავი, ეს იყო წყალქვეშა ნავი, რომელიც იყო ფრთოსანი რაკეტების „კალიბრის“ მატარებელი. უკრაინამ ამგვარად დაიცვა უკრაინის სამხრეთი, უპირველეს ყოვლისა ოდესა, რუსეთის მხრიდან შესაბამისი სარაკეტო დარტყმებისგან.

ეს ყველაფერი მოხდა თან იმ პირობებში, რომ რუსეთისა და უკრაინის პოტენციალი შეუფარდებელია. რუსეთის მხოლოდ სამობილიზაციო პოტენციალი სამჯერ აღემატება უკრაინის შესაძლებლობებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთმა ყველა პოსტსაბჭოური ქვეყნიდან, მათ შორის უკრაინიდან, ყოფილი ვარშავის ბლოკიდან საბჭოური იარაღის ძალიან დიდი რაოდენობის აკუმულირება მოახდინა. უკრაინელების ძალისხმევით ამ იარაღის დიდი ნაწილი ახლა ჯართშია. ასე რომ, შეიძლება მომავალში მშვიდობიანი მიზნებით იქნას გამოყენებული. მე დავასახელე ცოცხალი ძალის დანაკარგები. თუკი ტანკების თვალსაზრისით დანაკარგებს განვიხილავთ, რუსეთმა უკვე დაახლოებით 8 500 ტანკი დაკარგა. ომამდე ექსპერტები ამბობდნენ, რომ რუსეთს 12 000 ტანკი ჰყავდა, ანუ რუსეთმა შეიარაღების სამი მეოთხედი დაკარგა. მან არა მხოლოდ თანამადროვე ტექნიკა და შეიარაღება დაკარგა, არამედ ძველი და მოძველებულიც კი. თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს, შეიძლება მოწმეები გავხდეთ, რომ იგი მეორე მსოფლიო ომის დროინდელი T2-ს ტიპის ტანკებით იომებს.

ამიტომ, რა თქმა უნდა, იმის შესახებ საუბარი, აქვს თუ არა უკრაინას შესაძლებლობა გაათავისუფლოს თავისი ტერიტორიები, ჩემი მხრიდან არც ისე კორექტული იქნებოდა. ალბათ, უფრო კორექტული იქნება დაისვას კითხვა - რა პირობებში შეძლებს უკრაინა დააჩქაროს თავისი ტერიტორიების რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლება.

მე აქ ამ სიტყვებით გაგცემდით პასუხს: მთელი დასავლური, დემოკრატიული სამყაროს ერთიანობისა პირობებში, იმის გააზრების პირობებში, რომ მხოლოდ ერთიანობა და ერთობა არის უკრაინაში წარმატებული ოპერაციებისა და უკრაინის გამარჯვების საწინდარი. იმ პირობებში, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყნის ყველანაირი ცრუ წარმოდგენა, გაფრთხილება, შიში განზე გადაიდება იმის თაობაზე, რომ უკრაინის გამარჯვებამ შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ფედერაციის უკონტროლო დაშლა, რომ გაჩნდება ახალი უკონტროლო სახელმწიფოები, ახალი სტრატეგიული კონკურენტები, რომ ამ ყველაფერს უარყოფითი შედეგები ექნება რეგიონალურ და მსოფლიო უსაფრთხოებაზე და, რა თქმა უნდა, დროული და თანამედროვე შეიარაღებისა და იარაღის მიწოდების პირობებში უკრაინული ჯარისთვის, უკრაინის თავდაცვითი ძალებისთვის, მათი შესაძლებლობებისა და იმ სტრატეგიული მიზნების შესაბამისად, რომელსაც ისახავს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა და, რა თქმა უნდა, როგორც რეგიონალური, ისე მსოფლიო უსაფრთხოების გარანტიების ქმედითი მექანიზმის პირობებში, რომელიც შემდგომში შეუძლებელს გახდის არაპროვოცირებულ ასეთ ომებს და ომის წარმოების არაადამიანურ ფორმებსა და მეთოდებს. ასე ვუპასუხებდი თქვენს შეკითხვას.

- თქვენ ისაუბრეთ რუსულ ტექნიკაზე და ამ მიმართულებით კრემლის დანაკარგებზე, ახლა მინდა გკითხოთ თავად უკრაინის ხელთ არსებულ ტექნიკაზე. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინამ უკვე მიიღო რამდენიმე F-16 ტიპის გამანადგურებელი, მაგრამ აქტიურად კეთდება შეფასებები სამხედრო ამუნიციით დახმარების შეფერხებასთან დაკავშირებით. თუ შეგიძლიათ მეტი მოგვიყვეთ ამ მიმართულებით. თქვენი დაკვირვებით, დასავლეთი უფრო გაბედული გახდა უკრაინისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდების საკითხებში და საერთოდ, არის თუ არა საკმარისი უკრაინისთვის დახმარების ეს ტემპისასურველი შედეგის მისაღწევად?

- რა თქმა უნდა, ყოველი ომი არის ტესტი არა მხოლოდ ცალკე აღებული ქვეყნისთვის, არამედ მთელი ბლოკისთვის, ეს არის მზადყოფნის ტესტი თავის დაცვის თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ გამონაკლისი არ გახდა. მან ბევრი სუსტი ადგილი, მოწყვლადობა დაგვანახა ჩვენს პარტნიორებს შორის - ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის. პირველ რიგში, ეს არის შეიარაღების არასათანადო დროში მიწოდება. თუ თქვენ ასეთ კითხვებს სვავთ, მაშინ ეს ფაქტი, ალბათ, არსებობს.

მაგალითისთვის გეტყვით, რომ იმ დროს, როდესაც რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ანადგურებს მშვიდობიან ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ანადგურებს ან საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკულ, ბირთვულ, სასურსათო უსაფრთხოებას, თანაც ისე, რომ ეს გავლენას ახდენს მსოფლიოს სხვა ქვეყნებზე, უკრაინას დღემდე აქვს საჰაერო თავდაცვის საშუალებების საკმარისი რაოდენობა. დღემდე, ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ფიქრობს, ღირს თუ არა, რომ მიეხმარონ უკრაინას რუსული რაკეტებისა თუ რუსულ-ირანული დრონების ჩამოგდებაში უკრაინის დასავლეთ ნაწილში, უკრაინის ეგრეთწოდებული მშვიდობიანი ტერიტორიების თავზე და ეს მაშინ, როცა ამ რაკეტებისა თუ დრონების ნამსხვრევები ცვივა, გვაქვს უკვე ბევრი ასეთი ფაქტი, რუმინეთის, პოლონეთის ტერიტორიაზე, აღარაფერს ვამბობ მოლდოვას ტერიტორიაზე.

მე წინა შეკითხვაზე პასუხში აღვნიშნე, რომ ბევრის ცნობიერებაში ჯერ კიდევ „ზის“ რუსეთის წინაშე შიში, ბირთვული ომის გაჩაღების შიში. ანუ, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ქვეყნები ირჩევენ ნელი სიკვდილის გზას იმ იმედით, რომ შეიძლება იოლად გავიდნენ, ნაცვლად ადრეული ქირურგიული ჩარევისა, რაც სიცოცხლის შანსს იძლევა. მაგრამ სკალპელის შიში ბევრს გონებას უბნელებს და კრიტიკულად აზროვნების უნარს ართმევს.

ჩემი აზრით, მართებულია ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მაგალითის აღება, რომლებსაც ესმით უკრაინის გამარჯვების მნიშვნელობა მათივე უსაფრთხოებისთვის. ძალიან მარტივი წესია - თუ გსურთ დაიცვათ თქვენი ქვეყნები რუსეთის აგრესიისგან, შემოჭრისგან, მაქსიმალურად დაეხმარეთ უკრაინას ყველაფრით, რაც აუცილებელია რუსეთზე გამარჯვებისთვის. დამარცხებული რუსეთი ვერ შეძლებს რაიმე სხვა მოქმედება აწარმოოს, მითუმეტეს სხვა ქვეყნების წინააღმდეგ. ამჟამად შეიძლება თქვენ იცით, ამაზე ისაუბრა უკრაინის პრეზიდენტმა, უკრაინაში 14 ბრიგადა არ არის ბოლომდე დაკომპლექტებული. შეგიძლიათ მითხრათ, როგორი იქნებოდა საომარი მოქმედებების ხაზი, თუ ეს ბრიგადები მიიღებდნენ აღჭურვილობას, რომლის შესახებაც უკვე დიდი ხნის წინ განაცხადეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა?

როგორც ჩანს, ამის გაცნობიერებას უკვე იწყებენ ჩვენი პარტნიორები დასავლეთში და უკვე იწყება ძალიან ფრთხილი დისკუსიები „საჰაერო თავდაცვის კოალიციის“ შექმნასთან დაკავშირებით. იხილეთ სრულად