"2008 წლის თებერვალში, როდესაც პუტინს შევხვდით, ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ უარი ვთქვათ ნატოზე და ამერიკასთან უფრო წინ წასულ ურთიერთობებზე, თუ..." - რას თმობდა სააკაშვილი ომამდე და რამდენად სანდოა "მოსკოვის ხრიკები" ახლა?
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან შერიგებაში, თუკი თავად ქვეყნები დაინტერესდებიან ამით. "რა ფორმით შეიძლება შერიგება, ეს თავად ქვეყნებმა უნდა გადაწყვიტონ: აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ისინი საქართველოს მეზობლები არიან, მათ შორის რაღაც კონტაქტები მაინც გარდაუვალია. თუკი იქნება ყველა მხარის ინტერესი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თავდაუსხმელობის შეთანხმებების უზრუნველყოფისთვის... დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვიქნებით დასახმარებლად", - ბრძანა ლავროვმა პრესკონფერენციაზე, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის შემდეგ გაიმართა. "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ "ჩვენი ხელისუფლება პოზიტიურად აფასებს ამ განცხადებას". მისი თქმით, ის, რომ რუსეთი მიესალმება და ხელს შეუწყობს შერიგებას, რა თქმა უნდა, პოზიტიურია და კარგი იქნებოდა, განცხადების პარალელურად გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები: "ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თუნდაც დავიწყოთ ლაპარაკი სამოქმედო გეგმის შედგენაზე, რომ მოხდეს დეოკუპაცია, ჯარების გაყვანა".
ბიძინა ივანიშვილის წინასაარჩევნო განცხადების ფონზე, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა არის, რის გამოც კონსტიტუციაში ცვლილებაც იგეგმება, ლავროვის განცხადებამ და კალაძის პასუხმა დამატებითი კითხვები გააჩინა: არსებობს თუ არა ფარული მოლაპარაკება თბილისსა და მოსკოვს შორის? რა შეიძლება დათმოს საქართველომ და რამდენად სანდოა რუსეთი, რომ დანაპირები უკან არ წაიღოს?
მოსკოვის ხრიკები
ქართველი ექსპერტების თქმით, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში მოტყუების, ღალატისა და "გადაგდების" ფაქტი ძალიან ბევრია, ყველაზე ტრაგიკული კი აფხაზეთთან დაკავშირებული 1993 წლის სოჭის ხელშეკრულებაა.
1992-1993 წლებში აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დასარეგულირებლად საქართველომ რუსეთთან ორი სამშვიდობო ხელშეკრულება დადო. პირველი, 1992 წლის 3 სექტემბერს მოსკოვში ბორის ელცინსა და ედუარდ შევარდნაძეს შორის ხელმოწერილი დოკუმენტი, რისი მიხედვითაც რუსეთს აფხაზეთიდან ჩრდილოეთ კავკასიის ძალები უნდა გაეყვანა, თუმცა შეთანხმებიდან ერთ თვეში, 2 ოქტომბერს, აფხაზებმა რუსებისა და ჩრდილოკავკასიელი მებრძოლების დახმარებით გაგრა აიღეს. 1993 წლის 27 ივლისს რუსებთან დადებული სოჭის ხელშეკრულება კი საბედისწერო აღმოჩნდა - ხელშეკრულებით ქართულ და აფხაზურ მხარეებს კონფლიქტის ზონიდან მძიმე ტექნიკა უნდა გაეყვანათ, უნდა გასულიყვნენ ჩრდილოკავკასიური ძალებიც. ქართულმა მხარემ პირობა შეასრულა, მთელი შეიარაღება ფოთში გადაიტანა, სკოლებში სწავლაც დაიწყო, მაგრამ 16 სექტემბერს აფხაზებმა სოხუმზე შტურმი დაიწყეს, რასაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა მოჰყვა.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ 1994 წლის თებერვალში იყო ასევე მაგალითი, როდესაც რუსეთმა მოგვატყუა: "რუსეთმა მოითხოვა, რომ აფხაზეთში რუსეთის "სამშვიდობო ძალები" ჩამდგარიყვნენ და სანაცვლოდ დევნილებს დააბრუნებდნენ. თებერვალში ელცინი თბილისში ჩამოვიდა, შევარდნაძემ და ელცინმა გაეროს ერთად მისწერეს წერილი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების ჩაყენება დაევალოს რუსეთს, რათა მათ უზრუნველყონ დევნილების დაბრუნება. ჩვენ პირობა შევასრულეთ, რუსეთმა სამშვიდობო ძალები დააყენა, მაგრამ დევნილები არ დააბრუნა. ვინც თავისით დაბრუნდა, საშინელი ეგზეკუცია მოუწყვეს, გალის რაიონში ჩვენს დევნილებს არბევდნენ, სახლებს უწვავდნენ. იქ ჩვენი პარტიზანები მუშაობდნენ და აფხაზებმა თქვეს, თუ დევნილები დაბრუნდებიან, პარტიზანული მოძრაობა უფრო გაძლიერდებაო. 1998 წელს იყო 6-დღიანი ომი, ამას დევნილების მეორედ გამოყრა მოჰყვა და აფხაზებმა თქვეს, ხომ ხედავთ, რა მოჰყვება დევნილების დაბრუნებასო. ფორმალურად რუსებს უთხრეს, თქვენ არ შეგიძლიათ ჩვენი დაცვაო, ხოლო ჩვენ გვითხრეს, თქვენ დევნილების დაბრუნება კი არა, ომი გინდათ და ამას არ დავუშვებთო".
აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია გალში დევნილების დაბრუნების შესახებ 2003 წლის შეთანხმებას და შემდეგ რუსეთისგან კიდევ ერთ "გადაგდებას" იხსენებს: "2003 წლის მარტში სოჭში გაიმართა შევარდნაძისა და პუტინის შეხვედრა, სადაც მათ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე მოილაპარაკეს. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია შეთანხმებას გარეთ ელოდებოდა და ბოლოს მხოლოდ 5 წუთით შეუშვეს ოთახში. ეს იყო რუსეთის მორიგი ვერაგული ნაბიჯი. პუტინმა გაითამაშა დევნილების დაბრუნება, მსოფლიოს აჩვენა, თანახმა ვართ დაბრუნებაზეო. 2008 წლის შემდეგ პუტინმა ერთხელ ისიც კი განაცხადა, აფხაზეთში დევნილები დაბრუნებულები არიან, მცირე ნაწილის გარდაო. 1990-იანი წლებიდან დღემდე გალის რაიონში ტრაგედია ტრიალებს, მაგრამ რუსულმა მხარემ ამას დევნილების დაბრუნება დაარქვა".
რას თმობდა სააკაშვილი...
2019 წლის აპრილში ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილმა გაიხსენა, რომ 2008 წლის ომამდე თანახმა იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სანაცვლოდ უარი ეთქვა ნატოს წევრობის ამბიციაზე, აშშ-სთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე, რუსული ბაზების დატოვებასა და აფხაზეთის დროებით გაყოფაზეც, თუმცა პუტინი ამ შეთავაზებებს სერიოზულად არ შეხვედრია. სააკაშვილმა ამ თემაზე ვრცლად ისაუბრა უფრო ადრეც - 2013 წლის ინტერვიუში "რუსთავი 2"-თან და თომა ჩაგელიშვილის ფილმში "აგვისტოს ომი". იხილეთ სრულად