პრემიერი - ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის - ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის
ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის - ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ის გამოეხმაურა ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას და აღნიშნა, რომ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების მიმართულებით ვერავითარი ხარვეზი ვერ დადგინდა.
„ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა, რაც პრინციპში მთლიანად ასახავს წინასაარჩევნო გარემოს, არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთადერთი პრობლემა გამოიკვეთა ამ დასკვნაში, რაც ისედაც ყველამ ვიცით, ეს არის პოლარიზაცია -ეს არის პოლარიზაცია პოლიტიკურ სპექტრში და ეს არის პოლარიზაცია მედიაში. ეს არის ერთადერთი სისტემური პრობლემა, რაც გვაქვს ქვეყანაში და სწორედ ამ პოლარიზაციის დაძლევას ემსახურება ის გეგმა, რომელიც წარვუდგინეთ საზოგადოებას და რომელიც უკავშირდება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ანტიკონსტიტუციურად გამოცხადებას. ვიდრე ეს არ მოხდება, პოლარიზაცია ძალაში დარჩება. რაც შეეხება თავისუფალ და კონკურენტულ არჩევნებს, ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დადგინდა ვერავითარი არსებითი ხარვეზი. შესაბამისად, მე ყველას მოვუწოდებ, მოემზადონ არჩევნების დღისთვის- ჩვენ მოვემზადებით არჩევნებში გამარჯვებისთვის და ოპოზიცია მოემზადოს მორიგი, მეცხრე მარცხისთვის 26 ოქტომბერს“, - განაცხადა კობახიძემ.
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა(ეუთო/ოდირი) საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.შუალედურ ანგარიშში საუბარია 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ზოგად პოლიტიკურ კონტექსტზე, სამართლებრივ ჩარჩოსა და საარჩევნო სისტემაზე. ამასთან ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა და საარჩევნო ტექნოლოგიები.ანგარიშში ნათქვამია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. რაც შეეხება საარჩევნო კამპანიასა და პოლიტიკოსების გზავნილებს, ანგარიშის თანახმად, საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული.