რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე, რომლის სახელზეც საქართველოში ახალი კომპანია დარეგისტრირდა?
"რადიო თავისუფლების" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილის უფროსმა ვაჟმა უტა ივანიშვილმა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მიერ მამის სანქცირებიდან 4 დღეში იაპონიიდან საქართველოში ახალი კომპანია - სააქციო საზოგადოება "ატუ ჰოლდინგი" დაარეგისტრირა.
საჯარო რეესტრის საიტზე განთავსებული დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ კომპანიის 100%-იან წილს უტა ივანიშვილი ფლობს, ხოლო კომპანიის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი, კახა კობიაშვილია.
უტა ივანიშვილის წარმომადგენელი კომპანიის რეგისტრაციისას, ნატო ხაინდრავა იყო, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ხაინდრავაზე უტა ივანიშვილის მინდობილობა ნოტარიუსმა ეკატერინე გვანცელაძემ 30 დეკემბერს შეადგინა.
კომპანიის "ნებადართული კაპიტალის" მოცულობა დოკუმენტის თანახმად, 100 მილიონ ლარს შეადგენს, განთავსებული კაპიტალი - 100 000 ლარს, ხოლო განაღდებული კაპიტალი - 25 000 ლარს.
"ატუ ჰოლდინგის" სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არჩილ მამაცაშვილი, როსტომ ჩაბრაძე და ბესიკ დემეტრაშვილი არიან. "რადიო თავისუფლების" ცნობით, ისინი პარტია "ქართული ოცნების“ შემომწირველები არიან.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა მილიარდერ ექსპრემიერს, "ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს სანქციები დაუწესა. სანქციები შეეხო Credit Suisse-თან მის დავასაც.
"ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, "ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევროატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - წერდა სახელმწიფო დეპარტამენტი.
რა არის ცნობილი უტა ივანიშვილზე?უტა ივანიშვილი მილიარდერის უფროსი ვაჟია, თუმცა სხვა შვილებისგან განსხვავებით, ის არასოდეს გამოჩენილა ფართო საზოგადოების წინაშე. ის წლებია საფრანგეთში ცხოვრობს და სწავლობს. მიუხედავად, საქართველოსგან მოშორებით ცხოვრებისა, მისი სახელი ხშირად ჩნდება ქართულ მედიაში, რაც ძირითადად მამის ბიზნესებთან ან პოლიტიკასთან არის კავშირში.
ჯერ კიდევ, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობიდან პირველ ჯერზე გადადგომის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოსტს უტა ივანიშვილი დაიკავებდა, მაგრამ ცხადია, ეს ჭორი იყო. იხილეთ სრულად