დებატები ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით: რა განაცხადეს ევროპელმა პოლიტიკოსებმა?
"უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და პასუხისმგებლობა უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში", - ამის შესახებ შინაგან საქმეთა და მიგრაციის ევროკომისარმა, მაგნუს ბრუნერმა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
"50 დღეზე მეტია ქართველები ქვეყნის მასშტაბით ქუჩებში გამოდიან უპრეცედენტო პროტესტით, იბრძვიან თავიანთი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის, რომელიც ევროპული ოჯახის წევრი იქნება, და იყენებენ ფუნდამენტურ უფლებებს, რომლებსაც ძალადობრივი რეპრესიებით, დაშინებითა და დაკავებებით დახვდნენ.
საქართველოს მზარდი დემოკრატიული ვარდნა რეალურად ძალიან საგანგაშოა. ოფიციალურმა პირებმა ბოლო დროს რიგი კანონების შესწორებები აამოქმედეს, რომლებიც ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავენ და ძირს უთხრიან დემოკრატიულ მმართველობას. ძალადობა და სიძულვილის ენა მშვიდობიანი დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ, საჯარო მოსამსახურეების პოლიტიკური მოტივებით გათავისუფლების შესახებ ცნობები, ისევე, როგორც სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მუქარები სრულიად მიუღებელია.
ბევრი დაკავებული პატიმრობაში რჩება და სისხლის სამართლით გასამართლება ემუქრებათ, თუმცა დღემდე სამართალდამცავი ორგანოების არცერთი წარმომადგენლის მიმართ ბრალდება წაყენებული არ არის პროტესტების ძალადობრივი დარბევებისა და დაკავებული დემონსტრანტების წამების სერიოზული ბრალდებების მიუხედავად, რაც საქართველოს ომბუდსმენმა გააჟღერა.
მსგავსი ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და მოვუწოდებთ ოფიციალურ პირებს, სწრაფი ქმედება განახორციელონ, რათა დაძაბულობა განმუხტონ. უსამართლოდ დაპატიმრებულები უნდა გაათავისუფლონ, ძალადობის აქტები უნდა გამოიძიოს და ანგარიშვალდებულება უნდა იყოს სამართალდამცავებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ უკანონო ქმედებებში“, - განაცხადა ბრუნერმა.
"მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას, - ამის შესახებ ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა."მამაცი ქართველები 50 დღეზე მეტია აპროტესტებენ თავიანთი ევროპული მომავლის მოპარვას მიუხედავად "ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან სისასტიკისა და ძალადობისა. სხვათა შორის, ქუჩაში გამოსული ადამიანები მათ "კრემლის ოცნების“ "რუსეთის ოცნების“ პარტიას ეძახის. მაშინ, როცა ქართველები იბრძვიან ევროპული გზისთვის, ჩვენი მოვალეობაა, ვიყოთ მკაფიო ჩვენს მხარდაჭერაში: პირველი - ქართველი ხალხის ერთადერთი ნამდვილი და ლეგიტიმური წარმომადგენელი და ერთადერთი აღიარებული თანამდებობის პირი არის სალომე ზურაბიშვილი, მეორე - "ქართული ოცნება“ და თვითგამოცხადებული ერთპარტიული პარლამენტი არ არის ლეგიტიმური ხელისუფლება, მოვუწოდებ ევროკავშირის ლიდერებს, წევრ სახელმწიფოებს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, თავი შეიკავონ ყველა ქმედებისგან, რაც მოახდენს თვითდანიშნული “ქართული ოცნების“ ხელისუფლების ლეგიტიმაციას“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
მისი თქმით, საქართველოში ძალადობა ხალხის, პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ ძლიერდება.
"ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი გახარია სასტიკად სცემეს, თავს დაესხნენ თავისუფალ ჟურნალისტებს, მათ შორის მზია ამაღლობელი, რომელსაც ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ევროპამ ამას უნდა უპასუხოს პასუხისმგებელი პირების, განსაკუთრებით ბიძინა ივანიშვილის, წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებით. ერთადერთი გამოსავალი კრიზისიდან არის ახალი, დამოუკიდებელი, სამართლიანი არჩევნები, ყოველგვარი დაყოვნების გარეშე“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.
"საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს, მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ", - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ტობიას კრამერმა (გერმანია) ეგანაცხადა."გასულ კვირას საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ხელისუფლების ბანდიტების ჯგუფი თავს სასტიკად დაესხა, მათ შორის "ქართული ოცნების“ ე.წ. დეპუტატი. გახარია სისხლდენით და ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა. ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში 400-ზე მეტი ქართველი, მათ შორის პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და რიგითი მოქალაქე დააკავეს და აწამეს. მათი დანაშაული კი უკვე 55-ე დღეა ევროპული მომავლის მოთხოვნით ქუჩაში გამოსვლაა. მე ხალხის გამბედაობა დეკემბერში ჩვენი ვიზიტისას ვნახე. ყველა ასაკის ადამიანი ქუჩაში ევროკავშირში მომავლისთვის და ევროპარლამენტში წარმოდგენისთვის გამოდის. ამას აკეთებენ მაშინ, როცა იციან რომ "ქართული ოცნების“ რეპრესიებისგან დაცული არავინ არ არის, მათ შორის არც ყოფილი პრემიერი და არც პრეზიდენტი“, - განაცხადა კრამერმა.
კრამერის შეფასებით, "ქართული ოცნება“ პანიკაშია."ქართველები თავს შეშინების უფლებას არ აძლევენ, რადგან ძალადობის ესკალაცია ძლიერების ნიშანი არ არის, არამედ იმის ნიშანია, რომ "ქართული ოცნება“ პანიკაშია. მათ ქართველი ხალხის ნება და ევროპული იდეის სიძლიერე სათანადოდ ვერ შეაფასეს. იფიქრეს, რომ არჩევნების გაყალბებას შეძლებდნენ, რუსული სამოქმედო გეგმით იმოქმედებდნენ, დაშინებით ძალაუფლებას გაიმყარებდნენ, მაგრამ მიხვდნენ, რომ ეს ეშმაკთან გარიგებაა. პუტინი პარტნიორებს არ ეძებს. ჯერ კიდევ არის დრო, რომ "ქართულმა ოცნებამ“ ეს კოშმარი დაასრულოს. ევროპისა და თავისუფლების კარი კვლავ ღია რჩება, მაგრამ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობა უნდა შეწყვიტოს. მათ ქართველებს საშუალება უნდა მისცენ, რომ თავიანთი სიტყვა ახალ და სამართლიან არჩევნებში გამოხატონ“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა. იხილეთ სრულად