რუსეთი ასტეროიდების გასანადგურებლად ბალისტიკურ რაკეტებს გამოიყენებს
რუსეთი ასტეროიდების გასანადგურებლად საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებას გეგმავს. ამის შესახებ "სიენენის" ცნობით, წამყვანმა რუსმა მკვლევარმა, საბიტ საიტგარაევმა განაცხადა. მისი თქმით, რუსული რაკეტები 20-50 მეტრის დიამეტრის ზომის ასტეროიდებს გაანადგურებს. ამ ზომის ასტეროიდებს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია დედამიწისთვის, მათი შემჩნევა ობსერვატორიებიდან არის შესაძლებელი რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ისინი დედამიწას მოუახლოვდებიან. თუმცა, ზოგჯერ მათი შემჩნევა ვერ ხერხდება. ასეთი შემთხვევა იყო მაგალითად 2013 წელს რუსეთში, კერძოდ, ჩელიაბინსკში, როდესაც მეტეორი აფეთქდა, რამაც შენობების დაზიანება და 1000-ზე მეტი ადამიანის დაშავება გამოიწვია.
უფრო დიდი ზომის ასტეროიდებს გაცილებით დიდი ზარალის გამოწვევა შუეძლია, თუმცა, მათი შემჩნევა გაცილებით ადრე არის შესაძლებელი ინფრაწითელი ტექნოლოგიებითა და ტელესკოპებით.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის გეგმებმა ვაშინგტონის შეშფოთება გამოიწვია, ვინაიდან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები ომის დროს გამოიყენება. 2016 წლის საფრთხეებს შორის ეს საკითხიც მოექცა. კერძოდ, ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ რუსეთი აგრძელებს "ისეთი სისტემების წარმოებას, რომელთაც ორბიტაზე თანამგზავრების განადგურების შესაძლებლობა აქვს".
რუსი მკვლევარის თქმით, საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მოდიფიცირებას დრო დასჭირდება და ამისთვის მილიონობით დოლარი იქნება საჭირო. მისივე განცხადებით, განახლებული რაკეტების გამოცდა 2036 წელს მოხდება, მაშინ როდესაც დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი Apohphis-ი მოუახლოვდება.
ასტეროიდების ასაცილებლად მუშაობა აშშ-მაც დაიწყო, თუმცა, ვაშინგტონი ამ საკითხს განსხვავებულად უდგება, კერძოდ, იგი ასტეროიდების არა აფეთქებას, არამედ მათი დედამიწისგან აცილებას შეეცდება.