რატომ ემატება თებერვალს 4 წელიწადში ერთხელ დამატებითი დღე?
ყოველ 4 წელიწადში ერთხელ, თებერვლის თვეში 28-ის ნაცვლად 29 დღეა. ასეთ წელიწადს ნაკიანს უწოდებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 29 თებერვალი 2 000-ზე მეტი წლის წინ, იმპერატორ იულიუს კეისარის ბრძანებით შემოიღეს, დღემდე ნაკიან წელს ბევრი ცრურწმენა და ლეგენდა უკავშირდება. მაგალითად შოტლანდიელებს ახლაც სჯერათ, რომ 29 თებერვალს დაბადება უბედურების ნიშანია, საბერძნეთში კი, ამ წელს ქორწინებისგან თავის იკავებენ.
სინამდვილეში ნაკიანი წელიწადი ასტრონომიურ მოვლენებს უკავშირდება. მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის პერიოდი 365, 2422 დღეს შეადგენს, მაგრამ გრიგორიანულ კალენდარში სულ 365 დღეა. ამის გამო, ყოველ წელს, გროვდება საათები, რომელიც კალენდარში ვერ მოხვდა. 4 წელიწადში ერთხელ ეს "ზედმეტი" საათები ერთად იყრის თავს. კალენდარსა და წლის სეზონებს შორის სხვაობის აღკვეთის მიზნით, ყოველი მეოთხე წლის თებერვალს, დამატებითი დღე - 29 თებერვალი ემატება.
ნაკიანი წლის გარდა არსებობს ნაკიანი წამიც, რომელიც ბოლოს, გასული წლის ივნისში დაგვემატა. ნაკიერ წამს ნაკიერ წელთან არანაირი კავშირი არა აქვს, გარდა იმისა, რომ იგი ასევე უკავშირდება დედამიწის ბრუნვას.
ატომური დრო მუდმივია, დედამიწის ბრუნვა კი ყოველდღიურად წამის თითქმის, 2 მეათასედით ნელდება, ამიტომ ნაკიერი წამის დამატება ატომური დროისა და წლის სეზონების სინქრონიზაციას ემსახურება.
საინტერესოა, რომ ნაკიან წელს თავისი დედაქალაქი აქვს და ის აშშ-ში, ტეხასისა და ნიუ მექსიკოს საზღვარზე მდებარე ქალაქი ანტონიაა. ნაკიან წელს ანტონიაში ოთხდღიანი ფესტივალი ტარდება, რა დროსაც 29 თებერვალს დაბადებულების დაბადების დღეებს აღნიშნავენ.
29 თებერვალს დაბადებულებს ხშირად მხტუნავებს უწოდებენ, რადგან დაბადების დღეს 28 თებერვალს ან 1 მარტს აღნიშნავენ. შარშან 29 თებერვალს 4,1 მილიონი ადამიანი დაიბადა.
ნაკიან წელიწადს უკავშირდება უძველესი ტრადიცია, რომლის თანახმად ამ წელს ქალებს უფლება აქვთ, ხელი სთხოვონ საყვარელ მამაკაცებს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მეხუთე საუკუნეში მცხოვრებ ირლანდიელ წმინდანს, პატრიკს მონაზონმა წმინდა ბრიჯიტმა უამბო, რომ ქალებს დიდხანს უწევთ ლოდინი, სანამ საქმრო ხელს სთხოვთ. ამაზე საპასუხოდ, წმინდა პატრიკმა განაცხადა, რომ აძლევს ქალებს უფლებას, თავად გააკეთონ ეს ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ.
არსებული ტრადიციით, თუ ნაკიან წელს დანიაში მამაკაცი ქალს დაქორწინებაზე უარს ეტყვის, ვალდებულია 12 წყვილი ხელთათმანი მისცეს, ფინეთში კი "ჯარიმის" სახით, ქვედაბოლოს შესაკერად ნაჭერი უნდა აჩუქოს.
საინტერესოა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ყოველთვის ნაკიან წელს ტარდება.