მომავლის ცათამბჯენები
გავლენიანმა ჟურნალმა eVolo-მ ფუტურისტული ცათამბჯენების ყოველწლიური კონკურსი ჩაატარა. 489 პრეტენდენტიდან 3 გამარჯვებული აირჩიეს, თუმცა, ჟიურის ყურადღება სხვა ინოვაციურმა იდეებმაც მიიპყრო.
ფუტურისტული ცათამბჯენები ფანტასტიკური ფილმის შენობებს ჰგავს, მაგრამ არქიტექტორები ამბობენ, რომ სწორედ ასეთი იქნება მომავლის ცათამბჯენები, რომლებიც როგორც სოციალურ, ისე ეკოლოგიურ და სხვა უამრავ ფუნქციას შეითავსებენ.
1. eVolo-ს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა პროექტმა სახელწოდებით "ნიუ-იორკის ჰორიზონტი". ამერიკელი არქიტექტორების უიტან სანისა და ჯანში ვუს ჩანაფიქრით, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის პერიმეტრზე უნდა აშენდეს 18 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის მართკუთხედი, კედლისებური ფორმის შენობა, ის ცნობილი Empire State Building-ზე 80-ჯერ უფრო დიდი იქნება. ცათამბჯენის ტერიტორიაზე განთავსდება ოფისები, საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და კულტურული ცენტრები. ხოლო 304 მეტრის სიმაღლის ფასადი იქნება მოპირკეთებული იქნება ამრეკლი შუშით, რაც პარკის უსასრულობის ილუზიას შექმნის.
2. eVolo-ს კონკურსში მეორე ადგილი ამერიკელი არქიტექტორების გუნდმა დაიკავა ვერტიკალური სადგურის პროექტით სახელწოდებით "სკა". მათი ჩანაფიქრით, მომავალში, როცა უპილოტო საფრენი აპარატების ფართო გამოყენება დაიწყება, ეს იქნება დრონების პარკინგის ადგილი.
3. მესამე ადგილზე გავიდა "დატა-კოშკის" პროექტი, რომელიც იტალიელ არქიტექტორებს ვალერი მერკურისა და მარკო მერლეტის ეკუთვნის. მათი ჩანაფიქრით, ცათამბჯენი, რომელიც ისლანდიაში აშენდება, სერვერის აღჭურვილობის შენახვისთვის იქნება განკუთვნილი.
4. eVolo-ს ერთ-ერთ საუკეთესო პროექტად დასახელდა "კოსმოსური საავადმყოფო", სადაც პაციენტები გადაადგილებას სპეციალური, მოძრავი ბილიკებით შეძლებენ და მათი შენობის შიგნით ტრანსპორტირებისთვის მინიმალური ძალისხმევა იქნება საჭირო.
5. "ველური ცათამბჯენის" პროექტი თვალშისაცემი დიზაინით და ორიგინალური იდეით გამოირჩევა. იდეის ავტორთა თქმით, ცათამბჯენის მთავარი მიზანი სივრცითი საზღვრების წაშლაა.
6. "საჰაერო სტალაგმიტი" ეკოლოგიური ცათამბჯენია გიგანტური ვაკუუმით. მრავალსართულიანი შენობის ყველა სართულზე უზარმაზარი ფილტრებია განთავსებული და მისი ამოცანა ჰაერის დასუფთავებაა.
7. Cloud Craft-ი კიდევ ერთი ეკოლოგიური შენობაა, რომლის ამოცანაც გვალვასთან ბრძოლაა. ავტორების ჩანაფიქრით, ეს მოხდება ატმოსფეროში ეკოლოგიურად უსაფრთხო ნივთიერებების ინექციით და ღრუბლების შექმნის სტიმულირებით.
8. "ბუნების კოშკი" ინოვაციური ცათამბჯენია, რომელიც ბუნებრივი რესურსების ამოწურვას იწინასწარმეტყველებს, უზრუნველყოფს ადამიანებს საკვები პროდუქტებით და სიცოცხლისთვის აუცილებელი სივრცით.
9. Re-Cover-ი წარმოადგენს უზარმაზარ სათბურს ე.წ კლიმატკონტროლით. სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოყვანა შენობაში განთავსებულ სპეციალურ პლატფორმებზე იქნება შესაძლებელი.
10. "გიგანტთა ველი " კიდევ ერთი ფუტურისტული პროექტია, რომელიც უდაბნოში თხელი, ცილინდრის ფორმის კოშკების კომპლექსის განთავსებას ითვალისწინებს. ეს იქნება ხელოვნურად შექმნილი ოაზისი უდაბნოს შუაგულში.
11. ამ პროექტის ავტორები გლობალური დათბობის პრობლემას ინოვაციურად მიუდგნენ. არქიტექტორების მოსაზრებით, დედამიწასა და მზეს შორის უნდა აშენდეს უზარმაზარი სათბური, რომელიც, სხვა ამოცანებთან ერთად, განახლებადი ენერგიის წარმოებასაც შეძლებს.
მომზადებულია "ბიზნეს ინსაიდერის" მიხედვით