
სასტვენი ქალების უსაფრთხოების სადარაჯოზე - მეხიკოს მერმა, მიგელ ანხელმა, კრიმინალთან და სექსუალურ ძალადობასთან ბრძოლის ახალი მეთოდი შემოიღო.
მერის გადაწყვეტილების შესაბამისად, ქალაქის მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს 15 ათასი სასტვენი დაურიგდათ. ხელისუფლების განმარტებით, ეს აქციის პირველი ეტაპია და სასტვენების დარიგება კვლავ გაგრძელდება.
სასტვენებს თან საინფორმაციო ბუკლეტებიც ახლავს, რომელიც სექსუალური ძალადობის ან მისი მცდელობის შემთხვევაში, მოქცევის ინსტრუქციას შეიცავს. ქალების ნაწილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული მეთოდი იმუშავებს.
"სასტვენები ნამდვილად სასარგებლო იქნება, რადგან, როდესაც თავდამსხმელი მის ხმას გაიგებს დაიბნევა, შეეშინდება და გაიქცევა. ეს გაერთიანების ერთგვარი სიგნალიც იქნება და საზოგადოებრივ ტრანსპორტში ან თავშეყრის სხვა ადგილებში მყოფი ადამიანები ერთმანეთს დავეხმარებით"- განმარტა როზა გონსალესმა.
სასტვენის ხმა 700 მეტრის დისტანციას ფარავს. ხელისუფლებამ დამატებითი ზომაც მიიღო და პოლიციის თანამშრომლებს შესაბამისი მითითებები მისცა, რომლის თანახმადაც, სასტვენის ხმის გაგებისთანავე ისინი ადგილზე დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდნენ და ძალადობის მსხვერპლს შესაბამისი დახმარება აღმოუჩინონ.
ადამიანების ნაწილი ინიციატივას სკეპტიკურად მოეკიდა. მათი თქმით, სასტვენი არსებულ ვითარებას ვერ გამოასწორებს თუ საზოგადოების თვითშეგნება არ შეიცვლება. სკეპტიკოსთა განმარტებით, მსგავსი მეთოდები ისეთ ქვეყნებში მუშაობს, სადაც ყველაფერს სისტემური ხასიათი აქვს.
"ხშირ შემთხვევაში, ქალების მამაკაცებისგან განცალკვება, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საკმარისი არ არის. ვფიქრობ, საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთ სივრცეში ნაკლები ადამიანი უნდა იმყოფებოდეს, რაც მამაკაცებს ქალებთან სიახლოვის საშუალებას არ მისცემს და სექსუალური ხასიათის შეურაცხყოფისგანაც დაგვიცავს."- განაცხადა დულსე ფერნანდესმა.
თავდაპირველად, ხელისუფლება სასტვენების ალტერნატივად საგანგებოდ ქალებისთვის განკუთვნილი ვარდისფერი ავტობუსების შეყვანას გეგმავდა, თუმცა ამ მოსაზრებასაც ბევრი კრიტიკოსი გაუჩნდა. მოსახლეობის განმარტებით, იმის ნაცვალად, რომ ხელისუფლებამ კრიმინალისა და სექსუალური ძალადობის შესამცირებლად რეალური ნაბიჯები გადადგას, უსაფრთხოების სადარაჯოზე სასტვენებსა და ვარდისფერ ავტობუსებს აყენებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ბევრი სარკასტული გამონათქვამი და ფოტო გაჩნდა.
რეალობა კი იუმორისტულ ფარგლებს დიდი ხანია გასცდა.
მხოლოდ 2015 წელს მეტროში ქალებზე სექსუალური ძალადობის 126 ათასი შემთხვევა დაფიქსირდა და მხოლოდ 300 მათგანზე შევიდა საჩივარი. 2010-დან 2015 წლამდე 3 მილიონი ადამიანი გახდა სექსუალური ძალადობის მსხვერლი. ქვეყანაში მომხდარი დანაშაულის 94% კი უყურადღებოდ რჩება, რადგან მოსახლეობა ბიუროკრატიული მექანიზმის გამო პოლიციას არ მიმართავს.