როგორ ამოვიცნოთ ალცჰაიმერის დაავადება
მსოფლიოს მასშტაბით, ალცჰაიმერის ან მისი მსგავსი დაავადება, დემენციის (გონების დაჩლუნგება, რომელიც შეძენილია და არა თანდაყოლილი) დიაგნოზით დღეს, დაახლოებით, 44 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ალცჰაიმერით დაავადებულთა რაოდენობის აღრიცხვა საქართველოში 2012 წლიდან დაიწყო და მათი რაოდენობა იზრდება.
2012 წელს ალცჰაიმერის 311 შემთხვევა დაფიქსირდა;
2013 წელს - 372;
2014 წელს - 403
2015 წელს კი ალცჰაიმერის 501 შემთხვევა დაფიქსირდა.
ალცჰაიმერით დაავადებულთა სრული რაოდენობა, 2012 წლიდან 2015 წლის ჩათვლით 1084-ია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას განმარტებით, ალცჰაიმერის დაავადება ცენტრალური ნერვული სისტემის უკურნებელი დაავადებაა და ის ტვინის უჯრედების დეგენერაციას ახდენს. ალცჰაიმერს ახასიათებს ცნობიერებითი უნარების- მეხსიერების, მეტყველების, ლოგიკური აზროვნების უნარების, თანდათან დაკარგვა.
რაც უფრო ხანდაზმულია ადამიანი, ალცჰაიმერის დაავდების რისკი უფრო მაღალია.
დაავადების შემთხვევები 65 წლიდან უფრო მატულობს. ეს, ძირითადად, ნერვული უჯრედების ძლიერ დაზიანებას, იმ ნივთიერებების უკმარისობას, რომელთა გადაცემაც ნერვული იმპულსებისთვის აუცილებელია, გენეტიკურ წინასწარ განწყობასა და მემკვიდრულ ფაქტორებს უკავშირდება. ალცჰაიმერის დაავადება ხშირია ისეთ შემთხვევებში, როდესაც ტოქსიკური ლითონებით მოწამვლა, ტვინის სიმსივნე, თავის ტვინის ტრავმის მიღება ხდება, მას გარკვეული კავშირი ჰიპოთირეოზთანაც აქვს," - განმარტავს სპეციალისტი.
ლელა სტურუა ასევე აღნიშნავს, რომ ალცჰაიმერის დაავადება ერთ-ერთია, რომელზეც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ყოველწლიურ აღრიცხვას ახორციელებს და საქართველოში ის ძალიან გავრცელებული არ არის.
"ალცჰაიმერი შეიძლება, 50 წლის ასაკშიც გამოვლინდეს. ის გულმავიწყობითა და ახალი ინფორმაციის დამახსოვრების უუნარობით იწყება, ამას მოყვება დეპრესია, ემოციური მოშლილობა, მოუსვენრობა.
პაციენტს ხალხისა და მოვლენების მიმართ აპათია ეწყება.
შორს წასვლის შემთხვევაში, მკურნალობასაც ნაკლებად ექვემდებარება. ექიმთან მისვლის შემთხვევაში, ნევროლოგი სპეციალურ ტესტებს ნიშნავს, აფასებს პაციენტს და მერე იმის მიხედვით ხდება მკურნალობის დანიშვნა. დაავადების დიაგნოზი კვლევების საფუძველზე ისმება," - განმარტავს ნევროლოგი ლიკა კობზევა Allnews.ge-სთან საუბარში.
ნევროლოგის განმარტებით, რადგან დაავადების გამომწვევი მიზეზები დაუდგენელია, ექიმები, ძირითადად, სიმპტომური მკურნალობით შემოიფარგლებიან, რაც "თავის ტვინში ნერვული უჯრედების მიერ იმპულსების გადაცემის ხელშეწყობასა და რაიმე ნივთიერების ნაკლებობის შემთხვევაში, მის შევსებას ნიშნავს."
ლიკა კობზევა ასევე დასძენს, რომ ალცჰაიმერის დაავადება პირდაპირ ლეტალური შედეგის მომტანი არ არის, თუმცა მისი გამოვლინებების გამო, პაციენტის უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში, სიკვდილის საფრთხე იზრდება
"ამ დროს სიკვდილის გამომწვევი მიზეზი ისაა, რომ ადამიანს აქვს დეპრესია და სუიციდისაკენ მიდრეკილება. ქცევითი დარღვევების შემთხვევაში, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია. თუ პაციენტს კარგად უვლიან და ოჯახის წევრების ჩართულობა დიდია, რადგან ამ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა მეორეხარისხოვანია, შეიძლება მან სიკვდილის ბუნებრივ ასაკს მიაღწიოს და ალცჰაიმერის დაავადებამ ლეტალური შედეგი სულაც არ გამოიწვიოს," - აღნიშნავს ნევროლოგი და ასევე განმარტავს, რომ ალცჰაიმერის დაავადების მქონე პაციენტს სწორედ ისეთი მოვლა ესაჭიროება, როგორიც მცირეწლოვან ბავშვს.
ბექა სუხიტაშვილის ბებიას, ალცჰაიმერის დაავდების დიაგნოზი, დაახლოებით, 68-69 წლის ასაკში დაუსვეს. დაავადებამ პროგრესირება წელიწადნახევარში მოახდინა. ბექას თქმით, თვიდან თვემდე თავს ახალი სიმპტომები იჩენდა, რაც საცხოვრებლის, ოჯახის წევრების ვინაობის, დროის შეგრძნების დავიწყებაში გამოიხატებოდა, - "როდესაც მდგომარეობა გართულდა, კოვზის ხელში დაჭერაც კი არ იცოდა, აბსოლუტურად ყველაფერი დაავიწყდა," - იხსენებს ის.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ალცჰაიმერის დაავადების მქონე ოჯახის წევრს, ბექა უვლიდა და საკუთარ გამოცდილებას Allnews.ge-ს მკითხველს უზიარებს.
"თავდაპირველად, პაციენტი ნევროლოგთან უნდა მივიყვანოთ, რათა მან დიაგნოზი დაუსვას.
არ არსებობს მედიკამეტი, რომელიც ამ დაავადებას დაამარცხებს, მაგრამ არის მედიკამენტები, რომლებიც ადამიანს მდგომარეობას უმსუბუქებს. ბებიას მომატებული აგრესია ჰქონდა და ამიტომ, ფსიქიატრის ჩართულობა საჭირო გახდა. ოჯახის წევრები ყველა სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობაში უნდა დაეხმარონ, რადგან პაციენტი თავად ვერ ამბობს, თუ რაიმე აწუხებს.
მაგალითად, შეიძლება, წნევა ჰქონდეს და თავად ვერ ხვდებოდეს, ამიტომ ოჯახის წევრმა პერიოდულად წნევა უნდა გაუზომოს და შესაბამისი ზომები მიიღოს. ასევე მნიშვნელოვანია ტომოგრაფიის გადაღებაც, რათა ტვინის უჯრედების მდგომარეობა გაკონტროლდეს," - განმარტავს ბექა სუხიტაშვილი.
აღსანიშნავია, რომ გარკვეულ ასაკში გულმავიწყობის შემთხვევაში, ნევროლოგთან ვიზიტი აუცილებლობას წარმოადგენს, რათა მედიკამენტოზური ჩარევით მდგომარეობის შემსუბუქება მოხდეს.
მარიამ მენაბდიშვილი