
"ევროპის დედოფალი“ - გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის მრავალი მეტსახელიდან ერთ-ერთია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი პოლიტიკას ორი წლის წინ ჩამოშორდა, რითაც მერკელის თითქმის 16-წლიანი მმართველობა დასრულდა.
ევროპის ქვეყნების ამჟამინდელ მმართველებს შორის, არც ერთი ყოფილა ქვეყნის სათავეში ისე ხანგრძლივად, როგორც მერკელი. BBC-ი წერს, რომ ის ევროკავშირის დაახლოებით 100 სამიტში მონაწილეობდა, ხოლო კულუარებში ამბობენ, რომ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები მას ასე მოიხსენიებდნენ: "ერთადერთი ზრდასრული ოთახში."
ანგელა მერკელი (ქორწინებამდე - კესნერი) 1954 წლის 17 ივლისს, ჰამბურგში, პოლონურ ოჯახში დაიბადა, თუმცა რამდენიმე კვირაში მისი ოჯახი გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გადავიდა. ანგელას მამამ, ჰორსტ კაზმერჩაკმა, ადოლფ ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლამდე, 3 წლით ადრე, გვარი გერმანულ ყაიდაზე - კესნერად გადაიკეთა. ჰორსტ კაზმერჩაკი ლუთერანულ ეკლესიაში პასტორად მსახურობდა.
ბავშვობაში მომავალი კანცლერის მშობლები მას საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ არ უბიძგებდნენ, არც პიონერებში ჩაწერა დაუძალებიათ. მოგვიანებით, ის თავისუფალი გერმანელი ახალგაზრდების კავშირში ("კომკავშირის" გერმანული ანალოგი) გაწევრიანდა და უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში ორგანიზაციის მუშაობაში აქტიურად მონაწილეობდა: აგიტაციისა და პროპაგანდის მდივნის პოსტს იკავებდა.
გერმანიის გაერთიანებამდე ცოტა ხნით ადრე, 35 წლის ანგელა ქრისტიანულ-დემოკრატიულ კავშირში გაწევრიანდა. ის ყოველთვის შრომისმოყვარეობით გამოირჩეოდა და როდესაც ამას პატივმოყვარეობაც დაემატა, პროვინციელმა გოგონამ გერმანიის მაშინდელი კანცლერის ჰელმუტ კოლის ყურადღება მიიპყრო.
მერკელი ჰელმუტ კოლისადმი ლოიალობას 1998 წლამდე ინარჩუნებდა, როდესაც კოლმა მორიგი არჩევნები წააგო და მთელი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი კრიზისში აღმოჩნდა. ანგელამ ამაში საკუთარი შანსი დაინახა და პარტიის თავჯდომარემ ვოლფგანგ შოიბლემ ის პარტიის გენერალურ მდივნად დანიშნა, ხოლო როდესაც კოლი და შოიბლე თაღლითობის ფაქტზე გამოიჭირეს, ისინი სწორედ ანგელამ გადააყენა.
2000 წელს, ანგელა მერკელი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავჯდომარე, ხოლო 2005 წელს კი, გერმანიის კანცლერი გახდა. "მისი გზა მამაკაცი პოლიტიკოსების გვამებითაა მოფენილი", - ამბობენ მერკელის პოლიტიკური მოწინააღმდეგეები, თუმცა ამომრჩევლებში ის ყოველთვის პატივისცემით სარგებლობდა. ხალხი არ ივიწყებდა, თუ როგორ დაპირდა მერკელი მათ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს, საბანკო ანაბრების უსაფრთხოებას და ეს პირობა შეასრულა კიდეც.
ალბათ, გერმანიის ომის შემდგომ ისტორიაში არ მოიძებნება პოლიტიკოსი, ვისი შესაძლებლობების ასე ძალიან სჯეროდათ. მერკელის აზრით, თუკი რომელიმე აზრი მოძველდა, ის შეიძლება გადაიხედოს.
1994 წელს, მერკელი გარემოს დაცვისა და ბირთვული უსაფრთხოების მინისტრი გახდა. განათლებით ფიზიკოსი, ანგელა უკომპრომისოდ იცავდა იმ დროს პოპულარობამოკლებულ ბირთვულ ენერგიას, რომელიც ფუკუსიმაზე მომხდარ კატასტროფამდე უალტერნატივოდ მიაჩნდა. "ჩვენ არ შეგვიძლია ძველ დღის წესრიგს დავუბრუნდეთ და გერმანული ატომური ელექტროსადგურების უპირობო უსაფრთხოება ვამტკიცოთ", - განაცხადა მერკელმა. ფუკუსიმას კატასტროფის შემდეგ, გერმანია გახდა პირველი პოსტინდუსტრიული ქვეყანა, რომელმაც ატომურ ენერგეტიკაზე სრული უარი განაცხადა.
მიუხედავად იმისა, რომ მერკელს "რკინის ლიდერის" იმიჯი აქვს, მას, როგორც ნებისმიერ ადამიანს, საკუთარი ფობიები აქვს. მედიის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერს ძაღლების ეშინია. ეს ფობია მას 1995 წელს გაუჩნდა, როდესაც ველოსიპედით მოსეირნე მერკელს ფეხზე მონადირე ძაღლმა უკბინა. იმის შემდეგ მერკელის ადმინისტრაცია წინასწარ აფრთხილებს მასპინძელ მხარეს ამ გარემოების შესახებ, ამიტომ კანცლერის შეხვედრებზე ძაღლებს ვერასდროს ნახავთ.
ეს წესი მხოლოდ ერთხელ დაირღვა და ეს (რაოდენ გასაკვირის არ უნდა იყოს) ვლადიმერ პუტინმა გააკეთა. 2007 წლის იანვარში, მერკელი რუსეთის პრეზიდენტის საზაფხულო რეზიდენციას სტუმრობდა. როდესაც ისინი სახლში ფოტოგრაფებისთვის პოზირებდნენ, ოთახში პუტინის ლაბრადორი, კონი შემოვიდა. მერკელმა შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება, თუმცა, საგრძნობლად დაიძაბა. მანამდე ერთი წლით ადრე, პუტინმა მერკელს სათამაშო ძაღლი აჩუქა. რა თქმა უნდა, კანცლერის ამ ფობიის შესახებ მან ძალიან კარგად იცოდა.
ანგელას პირველი მეუღლე ულრიხ მერკელი ასევე ფიზიკოსი იყო. ანგელა მერკელი აღიარებს, რომ მისი პირველი ქორწინება შეცდომა იყო.
"ჩვენ დავქორწინდით, იმიტომ რომ მაშინ ყველა ქორწინდებოდა.
ახლა ეს სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მე მაშინ ქორწინებისთვის მზად არ ვიყავი", - ამბობს გერმანიის კანცლერი. მიუხედავად წარუმატებელი ქორწინებისა, ფიზიკისა და ფიზიკოსების მიმართ სიყვარული ანგელა მერკელს არ გაუნელდა.
მისი მეორე მეუღლე იოახიმ ზაუერიც ფიზიკოსია. მეტიც - კვანტური ფიზიკის დარგში ის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტად ითვლება.
ასევე ცნობილია, რომ მერკელს ძალიან უყვარს SMS-ების წერა და არ უყვარს პარფიუმერია. საგულისხმოა ისიც, რომ მერკელი უარს ამბობს კანცლერისთვის განკუთვნილ სამსახურეობრივ საცხოვრებელში გადასვლაზე და მეუღლესთან ერთად, ბერლინის ცენტრში მდებარე დიდ ბინაში ცხოვრებას ამჯობინებს. სხვათა შორის, ამ ბინას ისინი ქირაობენ.