რა ისტორიას მალავს კარგარეთელის №6
თბილისის ქუჩებში სეირნობისას კარგარეთელის ქუჩაზე თუ შეგიხვევიათ, ისლამური გოთიკის სამსართულიანი კოშკი, ყურდღების მიღმა ნამდვილად არ დაგრჩებოდათ. მაღალი ქონგურები, ლამაზად გაფორმებული კარნიზები და ღია ტერასა შენობას უჩვეულო, დედაქალაქისთვის ნაკლებად დამახასიათებელ სილუეტს აძლევს.
სასახლეს კარგად რომ დააკვირდე, მისი იერსახე გიკარნახებს, რომ მასთან დაკავშირებულ მოვლენებს ღრმა ისტორიულ წიაღში გაუდგამს ფესვები და მის თავზეც არაერთი მძიმე თუ ლამაზი ამბავი დატრიალებულა.
სასახლის ისტორია, რომელშიც ამ დროისთვის თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმია განთავსებული, გახმაურებული თუმცა, უცნაური სიყვარულის ამბით იწყება. არსებული ცნობის თანახმად, სასახლე 1895 წელს პრინც კონსტანტინე ოლდენბურგს აგრაფინა ჯაფარიძისთვის აუშენებია და სიყვარულის სიმბოლოდ უქცევია.
აგრაფინა ჯაფარიძისა და კონსტანტინე ოლდენბურგის სასიყვარულო ისტორია კი ქუთაისიდან დაიწყო. მაშინ საქართველოს ყოფილ დედაქალაქში კულტურული ცხოვრება დუღდა. იმ პერიოდში ქუთაისში ჩასული იყო უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი, რომელიც ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციებზე მუშაობდა. ამ პროცესში მონაწილეობას იღებდა აგრაფინა ჯაფარიძეც. მიხაი ზიჩი ქუთაისის ერთ-ერთ სალონში მუშაობდა, სადაც კონსტანტინე ოლდენბურგი შემთხვევით მოხვდა და დანახვისთანავე მოეწონა აგრაფინა.
აღმოჩნდა, რომ აგრაფინა ჯაფარიძე ტარიელ დადიანის მეუღლე იყო, თუმცა არსებული ცნობების თანახმად, ოლდენბურგი ამ ამბავს ვერ შეუჩერებია. ერთი ვერსიის თანახმად, პრინცი ტარიელ დადიანთან მივიდა და ბევრი ოქრო გადაუხადა იმის სანაცვლოდ, რომ აგრაფინა ერთი ღამით დაეთმო, მეორე მოსაზრების თანახმად, ტარიელ დადიანმა ცოლი ბანქოში წააგო.
ყოველ შემთხვევაში, აგრაფინა მეუღლის საქციელმა გაანაწყენა, ამიტომ ქმართან აღარ დაბრუნდა და კონსტანტინე ოლდენბურგს თბილისში გამოჰყვა.
მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, რუსთაველზე ოპერის თეატრი შენდებოდა, პროცესს გერმანელი არქიტექტორი ვიქტორ შრეტერი ხელმძღვანელობდა. სწორედ მას მოუწვევია თანაარქიტექტორად პაულ შეტერნი, რომელსაც შემდეგში კონსტანტინე ოლდენბურგი დაუკავშირდა და "ერთი ღამის სასახლის" აშენება სთხოვა.
"1920-იან წლებში აქ წითელარმიელები შემოიჭრნენ, შენობა გაძარცვეს, რისი წაღებაც ვერ მოახერხეს გაანადგურეს და დაანგრიეს. აგრაფინას და კონსტანტინეს ექვსი შვილი ჰყავდათ. ბავშვები სასწავლებლად მამასთან ერთად ევროპაში წავიდნენ. რა თქმა უნდა, აგრაფინასაც უნდოდა მთთან ერთად წასვლა, მაგრამ პატარა გოგონა ჰყავდათ ავად, რომელიც მგზავრობას ვერ გადაიტანდა, თანაც საქართველოს ჰავა ძალიან უხდებოდა, ამიტომ ის სასახლეში ბავშვთან ერთად დარჩა. სამწუხაროდ, ბავშვი მალე გარდაიცვალა აგრაფინამ კი საქართველოს დატოვება ვერ მოასწრო" - გვიყვება ხელოვნების სასახლის მეცნიერ-თანამშრომელი ლალი ხოსიტაშვილი.
რა ბედი ეწია აგრაფინა ჯაფარიძეს, ამ კითხვაზე ცალსახა და დასაბუთებული პასუხი არ არსებობს, თუმცა, ერთი ვერსიის თანახმად, ის სიღატაკეში აღმოჩნდა და შვილის დაღუპვის შემდეგ, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა. საბოლოოდ სიცოცხლე ქუთაისში დაასრულა, თუმცა მისი საფლავის ადგილსამყოფელი უცნობია.
მეორე ვერსიის თანახმად კი აგრაფინა ჯაფარიძე კომუნისტებმა ჩამოახრჩვეს.
საბჭოთა პერიოდში შენობას სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ორგანიზაცია იკავებდა. 40-იან წლებში სასახლე ყრუ-მუნჯთა სკოლა ინტერნატად გადაკეთდა, სადაც არსებული ცნობით, ლავრენტი ბერიას დაც იმყოფებოდა. სწორედ მაშინ დაემატა ისტორიულ შენობას ახალი ფლიგელი, ხოლო ოთახების განლაგება შეიცვალა.
"დღეს შენობა ორი ნაწილისგან შედგება, ერთი ისტორიული ნაწილი, სადაც ცხოვრობდნენ კონსტანტინე და აგრაფინა და მეორე, რომელიც ლავრენტი ბერიამ 40-იან წლებში მიაშენა"- ამბობს ლალი ხოსიტაშვილი.
თავად მუზეუმი, რომელიც 1927 წელს დაარსდა, აღნიშნულ შენობაში 1989 წელს განთავსდა. იმ პერიოდში "ერთი ღამის სასახლე" ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, თუმცა, ამჟამად აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს და მალე სრულიად აღდგება.